LIVE

ასოციაცია კაზინოების რეგულაციებზე: დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობა

06 დეკ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1592

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ადმინისტრაციის უფროსის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ლეგალური ოპერატორების შეზღუდვა მოქალაქეების არალეგალური მიმართულებით გააქტიურებას გამოიწვევს, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.  

„თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის არალეგალურ საიტებზე, დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობის პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად. ანალიზი შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არ გაკეთებულა და პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. 

მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში. ეს 120 მილიონ ლარს შეადგენს წელიწადში და ჩვენი გათვლებით, სულ მცირე ათჯერ გაიზრდება, მაგრამ აქაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო. 18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვევა, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება. დღეს ბევრი საშუალებაა განახორციელო როგორც ინტერნეტწვდომა, ისე თანხის გადარიცხვა. არ ვსაუბრობ თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე. ვგულისხმობ ელექტრონულ საფულეებს, კრიპტოვალუტას. უკვე ძალიან ბევრმა არალეგალურმა კრიპტოკაზინომ დაიწყო საქართველოს სივრცეში პროდუქტების რეკლამირება“,- აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.

მისივე განცხადებით, საქართველოში სათამაშო ბიზნესი რეგულირდება და სექტორის საგადასახადო ტვირთი ისედაც მაღალია.

"საგადასახადო ტვირთის ზრდა, რომელიც დღესდღეობით ისედაც მაღალია - საშუალო ბიზნესის საგადასახადო წნეხი 9.9%-ია, სათამაშო ბიზნესის წნეხი კი 40%-ს შეადგენს, გამოიწვევს ბევრ სოციალურ პროექტზე უარის თქმას, სხვადასხვა დამოკიდებულ სფეროებთან ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას. ამიტომ ყველაფერი კომპლექსურად არის განსახილველი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სულ მცირე სამი წელი საქართველოსკენ არავინ აღარ გამოიხედავს. დაახლოებით უკვე 10-მა კომპანიამ შეიკავა თავი საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან, ასეთი კატეგორიული ტონი ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია“,- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით გაიზრდება, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ამავდროულად აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.