LIVE

მთავრობა 1 მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ თამაშებს უკრძალავს

29 ნოე 202111:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 2161
მთავრობა 1 მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ თამაშებს უკრძალავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით. მისივე თქმით, ასაკობრივი შეზღუდვა ჯამში 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

"25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ესენი არიან სოციალური შემწეობის მიმღები პირები, საჯარო მოხელეები, პირები რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში. ჯამში, პირთა წრე, რომლებსაც შეზღუდული ექნებათ აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეადგენს“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება.

საკითხის დეტალებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

მისი განმარტებით, ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე მიწის სათამაშო ობიექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და თანხის გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.