LIVE

აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი ერთმანეთს აფრთხილებენ - უკრაინაში შეჭრის საფრთხე

30 ნოე 202119:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი ერთმანეთს აფრთხილებენ - უკრაინაში შეჭრის საფრთხე
Vadim Savitsky/Russian Defense Ministry/AP Photo

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენცია იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც სერიოზული დიპლომატიური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლატვიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი თავდასხმა „სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“ და დასძინა, რომ მოსკოვის შესახებ უფრო მეტს ხვალ განაცხადებს.

ბორის ჯონსონის მთავრობამ გამოსცა გაფრთხილება, რომ გაერთიანებული სამეფო საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ბერკეტს.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში, რათა დავიცვათ მათი უსაფრთხოება და ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ ადრეც გვინახავს კრემლის ეს სცენარი, როდესაც რუსეთი უსამართლოდ აცხადებდა, რომ ყირიმის უკანონო ანექსია იყო პასუხი NATO-ს აგრესიაზე. ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ NATO რუსების პროვოცირებას ახდენს, ცალსახად მცდარია",- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა. 

საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლელ ლიდერებს აფრთხილებს, არ გადალახონ კრემლის უსაფრთხოების „წითელი ხაზი“.

"უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება, თუ იქ განთავსდება ზებგერითი იარაღი, მოსკოვზე თავდასხმას სულ მცირე ხუთ წუთში რეალურს ხდის. მაშინ ჩვენ მოგვიწევს შევქმნათ მსგავსი რამ მათ წინააღმდეგ, ვინც გვემუქრება და ამის გაკეთება უკვე შეგვიძლია”,- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

გასულ კვირას აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს უკრაინასთან მობილიზებული ჯარის შესახებ მონაცემები გაუზიარა. დაზვერვის მონაცემები აჩვენებს რუსული ჯარების და არტილერიის ფართომასშტაბიან განლაგებას.

პუტინი მსგავსი გეგმის არსებობას უარყოფს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსკოვი მიიღებს "ადეკვატურ თავდაცვით ზომებს" NATO-ს მიერ მის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების საპასუხოდ. 

”ალიანსის გაფართოება იწვევს დაძაბულობას”,- წერს სამინისტრო და აშშ-ს ხელმძღვანელობით ბლოკს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მუშაობს ბლოკის საგარეო პოლიტიკის უფროსს, ხოსეპ ბორელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის მოწყობაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიტი დონალდსონი და ნიკ უადჰამსი