
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლირას მკვეთრად გაუფასურების შემდეგ, შესაძლო სავალუტო მანიპულაციის გამოძიების ბრძანება გასცა. თურქული ვალუტა დოლართან მიმართებით გასულ კვირას რეკორდულ მინიმუმამდე გაუფასურდა.
როგორც Anadolu იტყობინება, ერდოღანმა სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭოს იმ ინსტიტუტების იდენტიფიცირება დაავალა, რომლებმაც დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა შეისყიდეს. საბჭოს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება, დაევალა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ტიპის მანიპულაციას.
ნოემბერში ლირა დოლართან მიმართებით თითქმის 24%-ით გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურებაზე ერდოღანის დაბალი რეფინანსირების განაკვეთისკენ მიმართულმა პოლიტიკამ იმოქმედა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა, ამის ნაცვლად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ფასების ზრდის გამო შეშფოთებას იწვევს. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან სესხის აღების ხარჯები 4 პროცენტული პუნქტით, 15%-მდე შეამცირა.
ორშაბათს ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი არაორდინალური არგუმენტი, რომ დაბალი განაკვეთები საბოლოოდ ინფლაციას შეანელებს.
მოსალოდნელია, რომ საბჭო გამოძიების შედეგებს ცენტრალურ ბანკს, საბანკო მარეგულირებელს, ბაზრის მარეგულირებელს და ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭოს გაუზიარებს. სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭომ ასევე შეიძლება მოითხოვოს მათგან ზომების მიღება და შეიტანოს სისხლის სამართლის საჩივრებიც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფირათ კოჟაკი