LIVE

ლირა რეკორდულად გაუფასურდა

18 ნოე 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1180
ლირა რეკორდულად გაუფასურდა
Bloomberg

თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის კიდევ ერთხელ შემცირების შემდეგ, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. გადაწყვეტილება ფასების და ვალუტის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჯერად 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შეამცირა. მონეტარული ხელისუფლება აცხადებს, რომ შერბილების ციკლის დასრულებას მომავალ თვეში განიხილავენ.

პარალელურად, ლირა დოლართან მიმართებით 4,1%-ით გაუფასურდა და 1 დოლარი 11,0877 ლირად ივაჭრება, რაც განვითარებად ბაზრებზე მიმდინარე წელს ყველაზე დიდი გაუფასურებაა.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ოქტომბერში თურქეთში წლიური ინფლაცია თითქმის 20%-მდე დაჩქარდა. ინფლაციის ეს მაჩვენებელი ბოლოს ქვეყანაში სავალუტო კრიზისის შემდეგ, სამი წლის წინ დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას განაგრძობს. ბანკმა სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 400 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერდოღანმა პირობა დადო, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. თურქეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის მიზეზია და არა მუხრუჭი ფასების მატებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბუჰრან იუქსეკასი