LIVE

ერდოღანი ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას აგრძელებს - ლირა უფასურდება

17 ნოე 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
ერდოღანი ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას აგრძელებს - ლირა უფასურდება
Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ერდოღანმა ამ განცხადებით ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ინვესტორებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა. შედეგად, ლირა კიდევ უფრო გაუფასურდა.

”ჩვენ მოვუხსნით საპროცენტო განაკვეთის ტვირთს მოქალაქეებს",- განაცხადა ერდოღანმა და კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი არაორდინალური მიდგომა, რომ საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის მიზეზია და არა მუხრუჭი ფასების მატებისთვის.

ერდოღანის გამოსვლის შემდეგ თურქული ლირა დოლართან მიმართებით 2,4%-ით გაუფასურდა და 1 დოლარი 10,5619 ლირად ივაჭრება.

ერდოღანის მოთხოვნების ზეწოლით, მონეტარულმა ხელისუფლებამ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 300 საბაზისო პუნქტით, 16%-მდე უკვე შეამცირა. მოსალოდნელია, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთს კიდევ 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შეამცირებს.

ოქტომბერში თურქეთში წლიური ინფლაცია 19,89%-მდე დაჩქარდა. ამასთან, ლირა მხოლოდ მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით 10%-ზე მეტით გაუფასურდა, რაც ყველაზე უარესი შედეგია ყველა ძირითად ვალუტას შორის, რომელსაც Bloomberg-ი აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფირატ კოზოკი და ფაგან კოჩი