LIVE

Covid-19-ის ახალი შტამი ბელგიაშიც დადასტურდა

26 ნოე 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
Covid-19-ის ახალი შტამი ბელგიაშიც დადასტურდა

ბელგია ადასტურებს, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი ვარიანტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ფრენკ ვანდენბრუკემ მედიას განუცხადა, რომ ვარიანტი არავაქცინირებულ ადამიანს აღმოაჩნდა. მას ახალი კორონავირუსი 22 ნოემბერს დადასტურდა. 

ბელგიამ დღეს ახალი კოვიდრეგულაციები შემოიღო. მათ შორის, სამი კვირით ჩერდება ღამის კლუბების მუშაობა და იკრძალება კერძო წვეულებების მოწყობა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ რესტორნებსა და ბარებში თითოეულ მაგიდასთან დასაშვები იქნება მხოლოდ 6 ადამიანი. მათ მუშაობას უფლება საღამოს 11 საათამდე ექნებათ.  მისივე ბრძანებით, აიკრძალება დახურულ სივრცეში სპორტული ღონისძიებების ჩატარება. 

სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც B.1.1.529 სახელითაა ცნობილი, ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს. ის ამ დრომდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე მეტ მუტაციას შეიცავს. 

ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის უკვე დომინანტია. ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ბოტსვანაში, ჰონგ-კონგში და ისრაელში. 

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში B.1.1.52 „საყურადღებო" ვარიანტად (VOC) მოიხსენია.

ევროკომისია ქვეყნებს რეკომენდაციას სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერონ იქამდე, სანამ მისგან მომდინარე საფრთხე სრულად გააზრებული არ იქნება. რეგიონიდან დაბრუნებულმა მოგზაურებმა კი დაიცვან მკაცრი საკარანტინო წესები.

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biontech-ი ახალი შტამის მიმართ Pfizer-თან პარტნიორობით შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობას შეისწავლის. კვლევის შესახებ უფრო მეტი მონაცემი ცნობილი ორ კვირაში გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ მარტენსი