LIVE

რა ვიცით Covid-19-ის ახალი B.1.1.529 ვარიანტის შესახებ?

26 ნოე 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1297
რა ვიცით Covid-19-ის ახალი B.1.1.529 ვარიანტის შესახებ?

სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც B.1.1.529 სახელითაა ცნობილი, ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს. ის ამ დრომდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე მეტ მუტაციას შეიცავს. ამის გამო, ერთ-ერთმა მეცნიერმა მას "საშინელი" უწოდა.

აი, რა არის ცნობილი ახალი ვარიანტის შესახებ:

1. რით განსხვავდება ეს ვარიანტი?

მეცნიერები ამბობენ, რომ B.1.1.529 ვარიანტი სპაიკის ცილაში დიდი ოდენობით მუტაციას შეიცავს. ეს სწორედ ის ცილაა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ვირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრაში. ის, ასევე, ვაქცინების სამიზნეა. მკვლევრები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, არის თუ ეს ვარიანტი უფრო გადამდები ან ლეტალური წინა ვარიანტებთან შედარებით.

2. საიდან გაჩნდა?

ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ლონდონის UCL გენეტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთმა მეცნიერი ამბობს, რომ ის, სავარაუდოდ, განვითარდა ქრონიკული ინფექციის მქონე იმუნოდეფიციტურ ადამიანთან. შესაძლოა, ის აივ/შიდსით დაავადებული პაციენტი ყოფილიყო. 

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე მეტი, 8,2 მილიონი აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ბეტა ვარიანტი, რომელიც გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა, შესაძლოა, ასევე, აივ ინფიცირებული ადამიანისგან მომდინარეობდეს.

3. რამდენად გავრცელებულია?

25 ნოემბრის მდგომარეობით, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა თითქმის 100 შემთხვევა. აქ ის ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის დომინანტური შტამი ხდება. PCR ტესტის შედეგებმა ოთხშაბათს აჩვენა, რომ სამხრეთ აფრიკის პროვინციაში, რომელიც იოჰანესბურგსაც მოიცავს, 1,100 ახალი შემთხვევის 90%  ახალი ვარიანტით იყო გამოწვეული. 

მის მეზობელ ბოტსვანაში, ორშაბათს დააფიქსირეს ოთხი შემთხვევა. ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგშიც. ერთ-ერთი მათგანი  სამხრეთ აფრიკიდან ჩასული მოგზაური იყო, ხოლო მეორე - სასტუმროში მოგზაურის მოპირდაპირე ოთახში კარანტინში მყოფი პირი.

ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დღეს ისრაელშიც დადასტურდა. 

4. რა რეაქცია მოჰყვა ახალ ვარიანტს?

ახალი ვარიანტის შესახებ ამბავი დღეს ბაზრებზე ვაჭრობაში აისახა. აზიაში მოგზაურობასთან დაკავშირებული აქციებზე ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა, რადგან ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ახალ ვარიანტს მოგზაურობაზე ნეგატიურ გავლენა ექნება. 

იენი, რომელიც, როგორც წესი, განიხილება როგორც უსაფრთხო აქტივად, დოლართან მიმართებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ აფრიკული რანდი ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა. 

გაერთიანებულმა სამეფომ აფრიკის ექვსი ქვეყნიდან დროებით აკრძალა ფრენები. სინგაპური ზღუდავს ქვეყანაში იმ ადამიანების შესვლას, რომლებიც იმყოფებოდნენ სამხრეთ აფრიკაში და მის მიმდებარე ქვეყნებში ბოლო 14 დღის განმავლობაში. ავსტრალიამ განაცხადა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, არ გამორიცხავს სამხრეთ აფრიკიდან ჩასული მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას. ინდოეთმა გააძლიერა კონტროლი სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან და ჰონგ-კონგიდან ჩასულ პირებზე. 

5. რამდენად შემაშფოთებელია ახალი ვარიანტი?

ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია ახალი ვარიანტის 100-ზე ნაკლები სრული გენომიური თანმიმდევრობა, რაც ზრდის მისი გამოკვლევისთვის საჭირო დროს.

ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას. ცვლილებები ხანდახან ვირუსს ასუსტებენ, ხან კი მას ანტისხეულებისგან თავის არიდებისა და ადამიანების ინფიცირების მეტ შანსს სძენენ. 

6. რას მივაქციოთ ყურადღება?

ჯანმო დღეს გამართავს შეხვედრას, სადაც განიხილავს მოხვდება თუ არა B.1.1.529 ვარიანტი ორგანიზაციის “საინტერესო” (VOI) ან „საყურადღებო" ვარიანტების’ (VOC) სიაში.
თუ ეს ასე მოხდება, მას ბერძნული ასოს სახელს მიანიჭებენ. ჯანმო-ს დასახელების სქემის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი სახელი ასო ნიუ (nu) იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლიზა დუ და პრინეშა ნაიდუ