ფინეთის ბარები და რესტორნები, რომლებიც უარს ამბობენ Covid-ის სერტიფიკატების გამოყენებაზე, 17:00 საათის შემდეგ სასმელს ვეღარ გაყიდიან. ნაბიჯი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის უკანასკნელი მცდელობაა.
პანდემიის შეკავების ერთ-ერთი გზა ქცევის კონტროლია. ფინეთის მთავრობა მოუწოდებს რესტორნებსა და დაწესებულებებს, სადაც სასმელი იყიდება, მუშაობა ჰელსინკის ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე დაასრულონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოითხოვენ Covid პასპორტებს, უარყოფით ტესტს კორონავირუსზე ან გამოჯანმრთელების მტკიცებულებას. თუმცა, კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებს მუშაობის გაგრძელება ჩვეულებრივ შეეძლებათ.
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა ასუსტებს იმუნურ სისტემას. სიმთვრალე ასევე ამცირებს თავშეკავებას და პოტენციურად, შესაძლოა, ადამიანებს უფრო სარისკო ქცევისკენ უბიძგოს, როგორიცაა ნიღბის არ ტარება ან სოციალური დისტანციის წესების დარღვევა. ფინეთს მძიმე სასმლის მიღების კულტურა აქვს, რამაც სავარაუდოდ, უახლეს დიქტატში როლი ითამაშა. მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე ფინელი მამაკაცი ალკოჰოლს ყოველკვირეულად გადაჭარბებულად სვამს.
სამხრეთ აფრიკამ, რომელსაც ალკოჰოლის მოხმარების ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე აქვს მსოფლიოში, განმეორებით აკრძალა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.
საფრანგეთში ბარებში დასალევად ვაქცინის საშვი, უკანასკნელი 24 საათიანი ვალიდურობის უარყოფითი ტესტი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულებაა საჭირო. ირლანდიაში სრული ვაქცინაციის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში Covid-ისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულებაა საჭირო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეო ლაიკოლა