LIVE

Reddit-ის ანტიკაპიტალისტური ჯგუფი Amazon-ის წინააღმდეგ ბოიკოტს გეგმავს

26 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 990
Reddit-ის ანტიკაპიტალისტური ჯგუფი Amazon-ის წინააღმდეგ ბოიკოტს გეგმავს
Bloomberg

Reddit-ის ფორუმი, რომელიც სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის არის შექმნილი, Amazon.com-ს უპირისპირდება. ფორუმის მიმართ ინტერესი იზრდება, ჯგუფი კი ამ იმპულსის გამოყენებას "შავ პარასკევს" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ გეგმავს.

r/antiwork ფორუმი თავის მილიონზე მეტ წევრს მოუწოდებს, Amazon.com-ს "შავ პარასკევს" ბოიკოტი გამოუცხადონ. ეს მადლიერების დღესასწაულის მეორე დღეა, როდესაც საცალო მოვაჭრეები დიდ ფასდაკლებებს აწყობენ. ჯგუფი თავდაპირველად გეგმავდა უფრო ფართო გაფიცვას საცალო ვაჭრობის დასაქმებულებს შორის, თუმცა ახლა ბოიკოტზე გადაერთო.

Reddit-ის ფორუმი შექმნილია მათთვის, ვისაც მუშაობა აღარ სურს ან სამსახურის გარეშე ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. ფორუმმა პოპულარობა მოიპოვა დასაქმებულებს შორის, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო კორპორატიული ამერიკით. ადამიანების პოსტები, რომლებიც სამსახურს ტოვებენ ათასობით მოწონებას და ასობით კომენტარს იღებს. ფორუმზე კორპორატიული სიხარბე და კაპიტალიზმის წარუმატებლობა პოპულარული თემებია.

საიტის საჯარო მეტრიკის მიხედვით, ჯგუფი ამჟამად Reddit-ის ტოპ 15 ყველაზე სწრაფად მზარდ ფორუმს შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ის 2013 წლიდან არსებობს, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯგუფის წევრების რაოდენობა გაორმაგდა. ფორუმის გააქტიურება ასევე ემთხვევა თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების ტალღას, რომელიც მთელ მსოფლიოს შეეხო. შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში სექტემბერში სამსახური რეკორდულმა რაოდენობამ, 4.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლერ ბალენტინი