გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული 125 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის კონტრაქტები (27%) „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა მიიღეს.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს (TI) მიერ 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, 33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც არ გააჩნდათ.
43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია - შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“ ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.
„ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ“,- აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს კვლევაში.
10 კომპანია რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა მიიღეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში შემდეგია:
- შპს „ინ-სი“ - 13 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი
- შპს „New Road“ - 6.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი
- შპს „ცოტნე“ - 4 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი
- შპს „ჯეი ემ კომპანი“ - 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი
- შპს „იბოლია“ - 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი
- შპს „ბორანი“ - 1.1 მლნ ლარის ღირებულების 4 კონტრაქტი
- შპს „გზამშენი-18“ - ორი 500 ათას ლარიანი კონტრაქტი
- შპს „ლიდერი +“ - 500 ათას ლარიანი კონტრაქტი
- შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენ“ - 464 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი
- შპს „გგ“ - 464 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი
- შპს „ბურღი“ - 205,260 ლარის ჯამური ღირებულების ორი კონტრაქტი
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად დაინტერესდნენ.