LIVE

რა მიზნით შეიქმნა ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია

16 ივლ 202615:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 38
რა მიზნით შეიქმნა ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია

ხორცის მწარმოებელი ფერმერები, იმპორტიორები, ქსელური მარკეტების, კერძო და საჯარო სექტორისა და სასაკლაოების წარმომადგენლები 10 ივლისს საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ.

ეს შეთანხმება FAO-ს ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში შედგა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს მონაწილეები ხორცის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო მოდელზე შეჯერდნენ.

„ხორცის მიმწოდებლები სხვადასხვა ქვესექტორს წარმოადგენენ და ხშირად ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, თუმცა ყველა მათგანის საერთო მიზანი საცალო ქსელის უვნებელი და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციით მომარაგებაა. სექტორი საკმაოდ ფრაგმენტირებულია, რის გამოც ჩვენი მიზანი მათი ერთიანი ინტერესების ირგვლივ კონსოლიდაციაა. ეს მათ საერთო ენის გამონახვაში, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და არსებულ გამოწვევებზე კონცენტრირებაში დაეხმარებათ. ამასთანავე, ასოციაციის არსებობა სახელმწიფოსაც დაეხმარება ხორცის სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ოპერატიულ რეაგირებაში. ასოციაციის შექმნისას ევროკავშირის წამყვანი გამოცდილებით ვისარგებლეთ, რაც, გვჯერა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.“- განაცხადა მიხეილ სოხაძემ, FAO-ს პროექტის მენეჯერმა.

საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია მიზნად ისახავს ამ სექტორის წარმომადგენლების საუკეთესო ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამარტივებულ კომუნიკაციას ფერმერებთან, მომხმარებლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან; რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობას, პროდუქტის მიკვლევადობასა და ხორცის სექტორის მდგრად განვითარებას. ასოციაციის პრიორიტეტია დარგის წარმომადგენლებისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პროექტებსა და სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

NAITS-ის პროექტს FAO ახორციელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.