ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ს მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად ნავთობი ისევ გაძვირდა.
WTI ფიუჩერსებზე ფასი 3%-ით გაიზარდა და დღეს დილიდან ბარელი $73-ის ქვევით ივაჭრებოდა, ხოლო Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 3.14%-იანი ნამატით $76 დოლარს აჭარბებდა.
მიუხედავად ამისა, თვიურ ჭრილში ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 18%-ით არის შემცირებული, რასაც ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ შეუწყო ხელი. ომის დაწყების შემდეგ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კი, ნავთობის ფასი 40%-ის ფარგლებში შემცირდა. თუმცა ეს კლება ქართულ ბაზარს ჯერ არ გადმოსცემია.
აშშ-მა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც სამშაბათს თეირანი თავს დაესხა სამ კომერციულ ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებოდა. აშშ ირწმუნება, რომ კომერციულ გემებზე თავდასხმა ირანს ძვირად დაუჯდება.
ეს ესკალაცია კიდევ ერთი ტესტია იმ სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელსაც დაპირისპირებულმა მხარეებმა გასულ თვეში მიაღწიეს და რის შედეგადაც, ჰორმუზის სრუტე, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კომერციული გადაზიდვებისთვის, გაიხსნა.
ამას ისიც დაემატა, რომ აშშ სახაზინო დეპარტამენტმა აღადგინა ირანულ ნავთობზე მოქმედი სანქციები, რითაც ირანს კვლავ წაერთვა შესაძლებლობა ნავთობი გაყიდოს.