საფრანგეთის მთავრობის განაცხადებით, დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი რამდენიმე მიგრანტი კალეს მახლობლად მდებარე არხში, ნავის ჩაძირვის შედეგად დაიხრჩო.
საინფორმაციო სააგენტო AFP პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა მომხდარს "ტრაგედია" უწოდა და დასძინა, რომ დაღუპულები "კრიმინალი კონტრაბანდისტების" მსხვერპლი გახდნენ.
მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში წელს გემით სამჯერ მეტი მიგრანტი ჩავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დიდ ბრიტანეთში შეღწევას 25 ნავი ცდილობდა. თვის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში 1000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
კვირის დასაწყისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა საფრანგეთიდან ჩასული არალეგალური მიგრანტების რაოდენობას "მიუღებელი" უწოდა.