LIVE

ევროკავშირმა ქართული კოვიდბარათი ცნო

15 ნოე 202115:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 3322
ევროკავშირმა ქართული კოვიდბარათი ცნო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ცნეს. აღნიშნული ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" ევროკომისიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

კომისიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს, მოლდოვას, ახალი ზელანდიისა და სერბეთის მიერ გაცემული COVID-19 სერტიფიკატები ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატის ეკვივალენტურია. შედეგად, ოთხი ქვეყანა დაუკავშირდება ევროკავშირის სისტემას და მათი COVID სერტიფიკატები მიიღება იმავე პირობებით, როგორც ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატი.

მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ხვალ შევა. 

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სისტემაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების რიცხვი მუდმივად იზრდება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატების სისტემასთან ხუთი კონტინენტის 49 ქვეყანა და ტერიტორიაა დაკავშირებული. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო მოგზაურობის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად ძალისხმევას”, ამბობს იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი. 

„ისევე, როგორც გვერდში ვედექით ჩვენს პარტნიორებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვაგრძელებთ ერთად მუშაობას საზღვრების უსაფრთხოდ გასახსნელად. აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრის წინ კარგი ამბები გვაქვს. დღეს მივესალმები იმას, რომ საქართველო, მოლდოვა და სერბეთი შეუერთდნენ ჩვენს ციფრულ COVID სერტიფიკატების სისტემას და მოუთმენლად ველი, რომ კიდევ უფრო მეტი მეზობელი, რაც შეიძლება მალე, დაუკავშირდება სისტემას”, აღნიშნავს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი, ოლივერ ვარჰელი.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ევროკავშირმა თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატები ცნო. 29 ოქტომბრიდან სისტემას სომხეთის კოვიდსერტიფიკატიც მიუერთდა