LIVE

დღეიდან ევროკავშირი სომხეთის კოვიდსერტიფიკატსაც ცნობს

29 ოქტ 202110:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 1004
დღეიდან ევროკავშირი სომხეთის კოვიდსერტიფიკატსაც ცნობს

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის ეკვივალენტურია. შედეგად, ევროკავშირის სისტემას კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდება და მათ მიერ გაცემული დოკუმენტი ევროკავშირში მიიღება იმავე პირობით, როგორც ბლოკის მიერ გაცემული სერტიფიკატი და პირიქით. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 29 ოქტომბრიდან შევა.

იუსტიციის კომისრის, დიდიე რეინდერის თქმით, ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის წყალობით, უსაფრთხო მოგზაურობა რეალური გახდა. 

"სისტემა ოთხი კონტინენტიდან 45 ქვეყანას აკავშირებს და მომდევნო კვირებში და თვეებში ეს რიცხვი გაიზრდება. ღია ვართ სხვა ქვეყნებისთვის, რომ შეუერთდნენ ჩვენს სისტემას",- აღნიშნავს ის.

აგვისტოში ევროკავშირმა თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატებიც ცნო.

საქართველოს ვაქცინირებული მოქალაქეების QR კოდი ევროკავშირის ბაზაში ინტეგრირებული ისევ არ არის. რის გამოც საქართველოში გაცემული კოვიდ ბარათის დასკანერება ვერ ხდება და მოგზაურები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სხვადასხვა ობიექტებში შესვლას ვერ ახერხებენ. ტუროპერატორების ინფორმაციით, ამის გამო, საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

"ბიზნეს ფორმულა" ცდილობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ევროკავშირის სისტემასთან ინტეგრირება და როდის იქნება შესაძლებელი ქართული კოვიდბარათებით ევროკავშირში უპრობლემოდ მოგზაურობა.