LIVE

ედიტორიალი: Covid-19-ის შესაჩერებლად ვაქცინის მანდატები აუცილებელია

21 ნოე 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1152
ედიტორიალი: Covid-19-ის შესაჩერებლად ვაქცინის მანდატები აუცილებელია
Bloomberg

Covid-19-ის შემთხვევების რიცხვმა, რომელიც შეერთებულ შტატებში სტაბილურად მცირდებოდა, სექტემბერში, დელტა ვარიანტის დაფიქსირების შემდეგ, კლება შეწყვიტა. შესაძლოა, ეს უფრო ცივი ამინდის ბრალი იყოს, რომელიც ადამიანებს შენობებში მეტი დროის გატარებისკენ უბიძგებს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი: სრულად ვაქცინირებული აშშ-ს მოსახლეობის 60%-ზე ნაკლებია. უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, რაც შეიძლება მალე.

ეს არის მარტივი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაქცინაციის მოთხოვნების შენარჩუნების შესახებ მართალია. ერთ-ერთი მათგანი, მანდატი, რომელიც 4 მილიონი ფედერალური მუშაკის ვაქცინირებას მოითხოვს, ძალაში 22 ნოემბერს შედის. მეორე, შრომის დეპარტამენტის წესი, რომ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ 100 ან მეტი თანამშრომელი, ან მათი ვაქცინირება უნდა უზრუნველყონ ან ყოველკვირეული ტესტირება. ასევე, 2022 წლის 4 იანვრისთვის, ყველა, ვინც მუშაობს საავადმყოფოში, მოხუცთა თავშესაფარში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დაახლოებით 17 მილიონი თანამშრომელი 76 000 დაწესებულებაში, უნდა იყოს ვაქცინირებული.

რესპუბლიკელები ამ წესების დაბლოკვას აპირებენ, რადგან ისინი კომპანიების მიერ ხალხის დაქირავებას გაართულებს.

ეს წინააღმდეგობა ღრმად არასწორია. სავალდებულო ვაქცინაცია ამერიკაში ახალი არ არის. Covid-19-ის ვაქცინის სავალდებულო მოთხოვნამ, რომლებიც აქამდე კომპანიებისა და სახელმწიფოების მიერ წესდებოდა, ვაქცინაციის მნიშვნელოვანი ზრდა მოიტანა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნიუ-იორკის მუნიციპალური მუშაკების 92%-ს სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზა აქვთ მიღებული, ხოლო ნიუ-იორკის შტატის საავადმყოფოს თანამშრომლების 94% სრულად აცრილია.

დასაქმებულთა ძალიან მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება ვაქცინაციას სამსახურის დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში. Kaiser Family Foundation-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, არავაქცინირებული მუშაკების მხოლოდ 5% ამბობს, რომ ამ უკიდურესობას მიმართეს.

ზოგიერთი მოწინააღმდეგე ამტკიცებს, რომ მათ უნდა მიეცეთ საშუალება არ მიიღონ ვაქცინა, რადგან უკვე გადაიტანეს Covid-19. მართალია, თავდაპირველი ინფექცია ხელახალი ინფექციის წინააღმდეგ ადამიანებს გარკვეულ იმუნიტეტს უტოვებს, მაგრამ ეს დაცვა უფრო სუსტია, ვიდრე ვაქცინა იძლევა. 187 საავადმყოფოს მონაცემების ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ Covid-19-ით დაინფიცირების შანსები 5,5-ჯერ მეტი იყო Covid გატანილი, მაგრამ არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ვიდრე ვაქცინირებული ადამიანებისთვის.

ახალი ანტივირუსული აბები Merck-ისა და Pfizer-ისგან, რომლებიც ბაზარზე მალე გამოვა, ასევე არ არის საკმარისი მიზეზი ვაქცინის მანდატებისგან თავის შესაკავებლად. ვაქცინები გვთავაზობენ ფართო დაცვას როგორც ინფექციისგან, ასევე მძიმე Covid-19-ისგან. მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსულ საშუალებებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ იმდენად მძიმე ინფექციები, რომ საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, ისინი არ იცავენ დაავადების გავრცელებისგან. ეს უნდა დარჩეს პრიორიტეტად.

Covid-19-ის გაქრობა რთული აღმოჩნდა. სწორედ მაშინ, როდესაც ის გაქრობის ნიშნებს აჩვენებს, შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება. აშშ-ში არავაქცინირებული პოპულაცია ძალიან დიდია იმისთვის, რომ ვირუსმა თავისუფლად გავრცელება შეწყვიტოს. ეპიდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის ვაქცინის მანდატებია საჭირო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია