LIVE

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

08 ნოე 202118:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა
Bloomberg

CoinGecko-ს ფასების მიხედვით, კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $3,01 ტრილიონს შეადგენს.

ორშაბათს ბიტკოინის ფასი კიდევ 5,5%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულება $66 339 შეადგენს და წინა რეკორდულ ფასთან, $67 000-თან საკმაოდ ახლოსაა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 3%-ით გაიზარდა და ახალი მაქსიმუმი $4 768 შეადგინა. მესამე და მეოთხე უმსხვილესი ციფრული ვალუტების, Binance Coin-ისა და Solana-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა.

ეთერიუმის ფასი ოქტომბრის დასაწყისიდან ჯამში დაახლოებით 59%-ით გაიზარდა, ხოლო ბიტკოინის დაახლოებით 51%-ით. ბიტკოინის ფასის ზრდაზე გავლენა მასთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტმა იქონია. ინვესტორები ცდილობენ წვდომა მოიპოვონ აქტივების კლასთან, რომელიც ზოგჯერ ინფლაციის ჰეჯად ითვლება.

თუმცა, რა თქმა უნდა, კრიპტო ბაზარი არასტაბილურობითაა ცნობილი. ბოლოს, როდესაც ბიტკოინმა ამ დონეს მიაღწია, მონეტის ფასი რამდენიმე ათასი დოლარით დაეცა. სხვა ციფრული მონეტები, განსაკუთრებით ხუმრობაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტები (მიმ მონეტები), კიდევ უფრო არამდგრადია.

აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზარი მისი 2020 წლის ბოლო ღირებულებიდან უკვე დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. ინვესტორები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს დამკვიდრებული კრიპტოვალუტების ქსელებთან, როგორიცაა ეთერიუმი და Solana. მოლოდინები იზრდება დეცენტრალიზებული ფინანსების შესაძლებლობების შესახებაც. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი