LIVE

საქართველოში შესაძლოა, ხორბლის მარაგების პრობლემა შეიქმნას

05 ნოე 202112:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1652
საქართველოში შესაძლოა, ხორბლის მარაგების პრობლემა შეიქმნას

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე ხორბლის მარაგები საქართველოში საკმარისია, თუმცა პარამეტრები საყურადღებო ნიშნულს მიუახლოვდა.  სილაგავა ამ გარემოებას რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შემცირებით და ფქვილის იმპორტის გაზრდით ხსნის.

„რაც რუსეთმა ხორბალზე საბაჟო გადასახადი დააწესა, გაზრდილი ფასის გამო, ხორბლის იმპორტი საქართველოში არარენტაბელური გახდა. ხორბლის ნაცვლად, რუსეთიდან გაიზარდა ფქვილის იმპორტი. შესაბამისად, ხორბლის გადამუშავება ადგილობრივ წისქვილკომბინატებს აღარ უღირთ, რადგან იმპორტირებულ ფქვილს კონკურენციას ვეღარ უწევენ. ახლა წისქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან, გააგრძელონ ჩვეული საქმიანობა, თუ ისინიც ფქვილის იმპორტიორები გახდნენ“,- აცხადებს სილაგავა.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ანუ თუ წისქვილკომბინატები ხორბლის ნაცვლად, ფქვილის იმპორტით დაკავდებიან სილაგავა, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა ხორბლის სტრატეგიული მარაგების გარეშე დარჩეს.

„შექმნილ სიტუაციაში წისქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან. ზოგმა დაიწყო კიდეც ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ხორბლის დამარაგების თვალსაზრისით, პრობლემა შეიქმნას, რაც პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან“,-აცხადებს სილაგავა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ფქვილი მაქსიმუმ 2 თვე ინახება, ხოლო ხორბალი წლობით, ქვეყანა აქცენტს იაფი ფქვილის შენახვაზე ვერ გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს 1 ტონა ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე $350 ღირს, რაც ბოლო 12-13 წლის მაქსიმუმია.