LIVE

მოსკოვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი კიბერკრიმინალური ფულის მანქანაა

06 ნოე 202117:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 645
მოსკოვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი კიბერკრიმინალური ფულის მანქანაა
Bloomberg

მოსკოვის ბიზნეს უბნის გვირგვინი, 97-სართულიანი შუშის ცათამბჯენი, რომელიც ცნობილია როგორც Federation Tower East ან Vostok, რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკური გავლენისა და ეროვნული სიძლიერის სიმბოლოა.

2018 წლიდან ამ შენობაში ათზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც კრიპტოვალუტებს ნაღდ ფულად გარდაქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ამაში არსებითად უკანონო არაფერია, ასეთ ბიზნესს შეუძლია კრიმინალებს საშუალება მისცეს ციფრული დანაშაულებიდან მიღებული მოგება გაანაღდონ. ზოგიერთები იმასაც მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ სუსტი ზედამხედველობა ბაზრის სასარგებლო ნიშაა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ექსპერტებმა Vostok-ში მდებარე ოთხი კომპანია ფულის გათეთრებასთან და ე.წ Ransomware-თან (კომპიუტერული პროგრამები, რომელიც ზღუდავს ან ბლოკავს მომხმარებლის წვდომას სხვადასხვა სისტემასა და ფაილზე, თუ გადახდა არ განხორციელდება) დააკავშირეს. 2011 წლიდან ასეთმა პროგრამებმა $1,6 მილიარდი გამოიმუშავა.

მოსაზრება, რომ რუსეთის მთავრობა ითმენს, ან თუნდაც ახალისებს კიბერდანაშაულის ზოგიერთ სახეობას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბაიდენის ადმინისტრაციის კონფლიქტის საფუძველიც გახდა. სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, წელს ჰაკერებმა, ძირითადად რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაში, უკვე $590 მილიონი გამოიმუშავეს, 42%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს მთლიანად. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერ დაჯგუფებამ Colonial Pipeline-ს $4,4 მილიონი დოლარი გამოსძალა, ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ ამ თავდასხმების დასრულების შეუსრულებლობას პასუხი მოჰყვებოდა. მიუხედავად ამისა, მოგებაზე ორიენტირებული ჰაკერები აშშ-ში დაფუძნებულ ქსელებზე შეტევებს აგრძელებენ.

ძნელია რუსეთის აღსრულების არაეფექტურობის უფრო ძლიერი ილუსტრაცია მოიძებნოს, ვიდრე მრავალი სუბიექტის არსებობა, რომლებიც Ransomware-თან არიან კავშირში და ამავე დროს მოსკოვის ყველაზე პრესტიჟული საოფისე ცათამბჯენიდან მოქმედებენ.

ერთ-ერთი ასეთია Vostok-ის 22-ე სართულის ბინადარი, EggChange-ი, რომელსაც აშშ-სა და ევროპაში ფულის გათეთრების ბრალდებით იძიებენ. Binance, მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა, აცხადებს, რომ მან ასევე შენიშნა რამდენიმე ანგარიში და უკანონო ტრანზაქციები, რომლებიც EggChange-თან და CashBank-თან არის დაკავშირებული. CashBank-ი კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც Vostok-დან მუშაობს. მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამართალდამცავები პოტენციურად უკანონო ქმედებების შესახებ გააფრთხილა, Binance აცხადებს, რომ მის მიერ გამოვლენილი ანგარიშები დაიხურა.

Chainalysis-ის თანახმად, Buy-bitcoin.pro, რომელიც ასევე ასახელებს Vostok-ს, როგორც მის შტაბ-ბინას, Ransomware-ისგან მიღებულ ასობით ათას დოლარს ამუშავებს. ასევე, სხვა უკანონო ოპერატორების, მათ შორის Hydra-ს, რუსეთში დაფუძნებული უდიდესი ინტერნეტ შავი ბაზრის ტრანზაქციებს.

რუსეთის კანონმდებლობა კომპანიებს ავალდებულებს, რომ 600 000 რუბლის (დაახლოებით $8500) ზემოთ ფულის ტრანზაქციები გადაამოწმოს. თუმცა, მარია აგრანოვსკაიას თქმით, რომელიც რუსეთში Binance-ს წარმოადგენს, კრიპტოვალუტის ბირჟები არ არის რეგულირებული და მათი ანგარიშგების ვალდებულებები ბოლომდე გასაგები არ არის.

ჯეკი სინგი, ბაიდენის კამპანიის კიბერუსაფრთხოების ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არ არის განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი. სინგი მომხმარებელთა საიდენტიფიკაციო ნორმების გამოტოვებას, ხედავს როგორც წითელ დროშას უკანონო ოპერატორებზე მონადირე გამომძიებლებისთვის.

როგორც ქონების საინვესტიციო ფირმის Colliers-ის პარტნიორი, სტანისლავ ბიბიკი ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Vostok-ი ამ საქმიანობის კერა გახდა, არის მისი მისამართის სანდოობა. მისი თქმით, იქ ოპერირება მოიჯარეს სტატუსს ანიჭებს და ამბობს, რომ მას კარგი ბიზნესი აქვს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ კორპუსში მოქმედ კომპანიებს შენობის მენეჯმენტ ფირმასთან, მილიარდერ რომან ტროცენკოს Aeon-თან, რაიმე პირდაპირი კავშირი სულაც არ აქვთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა ხარიფი და კარტიკაი მეროტა