LIVE

ილონ მასკი ახლა უორენ ბაფეტზე სამჯერ მდიდარია

02 ნოე 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
ილონ მასკი ახლა უორენ ბაფეტზე სამჯერ მდიდარია

Tesla-ს უახლესი ზრდის შემდეგ, თანადამფუძნებლის, ილონ მასკის სიმდიდრემ ახალი ეტაპი გადალახა. მისი ქონება ახლა ცნობილი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ქონებას სამჯერ აჭარბებს.

მასკის წმინდა ქონება ორშაბათს $24 მილიარდით, $335,1 მილიარდამდე გაიზარდა. მასკის ქონების ზრდა ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის 8,5%-იან ზრდას მოჰყვა. ასევე გაზარდა მასკის უპირატესობა Amazon.com-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან, რომელიც ამჟამად Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $143 მილიარდს ფლობს. ბაფეტი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე, რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს $104,1 მილიარდით.

მზარდ დაშორებას მასკის და ბაფეტის ქონებებს შორის, შესაძლოა, ბაფეტის ფილანთროპია ხსნიდეს. ბაფეტი ყოველწლიურად Berkshire-ის აქციების ნაწილს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს სწირავს, მათ შორის ბილ და მელინდა გეიტსის ფონდს. 91 წლის ბაფეტმა ივნისში განაცხადა, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში მისი საჩუქრების ღირებულება $41 მილიარდს შეადგენდა.

ქველმოქმედების საკითხს 50 წლის მასკი შაბათ-კვირას ტვიტერზე გამოეხმაურა. მასკმა გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის დირექტორს უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად $6 მილიარდი კმარა. Tesla-ს დირექტორმა განაცხადა, რომ თუ სურსათის მსოფლიო პროგრამა ამას დაამტკიცებს, კომპანიის $6 მილიარდის ღირებულების აქციებს მაშინვე გაყიდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი