LIVE

მასკს მტკიცებულება სურს, რომ $6 მილიარდი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას გადაჭრის

01 ნოე 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 2175
მასკს მტკიცებულება სურს, რომ $6 მილიარდი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას გადაჭრის
Al Drago/Bloomberg

ილონ მასკი გაეროს ოფიციალური პირის მტკიცებას უპირისპირდება იმის შესახებ, რომ მისი სიმდიდრის მხოლოდ მცირე პროცენტს მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

მასკი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (World Food Programme) დირექტორის დევიდ ბისლის კომენტარს გამოეხმაურა. ბისლიმ მოქმედებისკენ ილონ მასკსა და Amazon.com-ის თანადამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს მოუწოდა, რომლებიც Bloomberg Billionaires Index-ის ლიდერები არიან. მისი თქმით, მხოლოდ $6 მილიარდს 42 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლია.

მასკი ამ მოსაზრების მტკიცებულებას ითხოვს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საკითხს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა, გამჭვირვალე და ღია აღრიცხვის გამოყენებით, ზუსტად აღწერს, თუ როგორ გადაჭრის $6 მილიარდი მსოფლიო შიმშილის პრობლემას, მე ახლავე გავყიდი Tesla-ს აქციებს და ამას გავაკეთებ“,- დაწერა მასკმა Twitter-ზე.

მასკი ელექტრომობილების კომპანიის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც გასულ კვირას $1 ტრილიონიანი ღირებულების კომპანიებს შეუერთდა.

მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $6 მილიარდი მასკის ამჟამინდელი $311 მილიარდიანი ქონების მცირე ნაწილია. მისი ქონება მხოლოდ 29 ოქტომბერს $9.3 მილიარდით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კევინ მილერი