LIVE

ქართული კოვიდ ბარათის QR კოდი ევროკავშირის ბაზაში ინტეგრირებული ისევ არ არის

20 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2562

საქართველოს ვაქცინირებული მოქალაქეების QR კოდი ევროკავშირის ბაზაში ინტეგრირებული ისევ არ არის. რის გამოც საქართველოში გაცემული კოვიდ ბარათის დასკანერება ვერ ხდება და მოგზაურები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სხვადასხვა ობიექტებში შესვლას ვერ ახერხებენ. ტუროპერატორების ინფორმაციით, ამის გამო, საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

„ზოგიერთი ქვეყანა უფრო მარტივად უდგება ამ საკითხს, ზოგი უფრო რთულად. მაგალითად, გერმანიაში და ავსტრიაში აჩვენებენ თარგმანს, რის შედეგადაც უპრობლემოდ უშვებენ ტურისტებს სხვადასხვა ობიექტებზე. იტალიასა და საფრანგეთში კი ამბობენ, რომ თუკი QR კოდის წაკითხვა ვერ მოხერხდება, ობიექტი სტუმარს ვერ მიიღებს. ამის გამო, მოგზაურები ვერ შედიან რესტორნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უკრაინას აქვს აპლიკაცია, რომელშიც ჩატვირთულია ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდიც. საქართველოს მოქალაქეებს კი, ამ მხრივ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ“, - განაცხადა ტურისტული კომპანია Travel Shop-ის დამფუძნებელმა ნიკა მანჯგალაძემ.

"ბიზნეს ფორმულა" ცდილობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ევროკავშირის სისტემასთან ინტეგრირება და როდის იქნება შესაძლებელი ქართული კოვიდ ბარათებით ევროკავშირში უპრობლემოდ მოგზაურობა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ევროკავშირმა თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატები ცნო.