LIVE

55-ზე მეტ ქვეყანაში აცრილი მოსახლეობა 10%-ზე ნაკლებია

01 ოქტ 202116:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
55-ზე მეტ ქვეყანაში აცრილი მოსახლეობა 10%-ზე ნაკლებია
Amanuel Sileshi/AFP/Getty Images

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოსვლიდან ცხრა თვის შემდეგ, ათეულობით ქვეყანაში მოსახლეობის 10%-ც კი არ არის ვაქცინირებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მსოფლიოში ვაქცინების არათანაბარ განაწილებაზე. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს. ამავე გეგმით, გლობალურად ვაქცინაციის მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის 40%-სთვის, ხოლო მომავალი წლის ზაფხულისთვის 70%-სთვის უნდა მიეღწია. 

სექტემბრის ბოლოსთვის დასახულ მიზანს მინიმუმ 55 ქვეყანა ჩამორჩება. 20-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია. ეს ფაქტი აჩვენებს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას პროგრამა Covax-ი, რომლის თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლომდე, ვაქცინების ორი მილიარდი დოზის მიწოდება იყო.

გასულ თვეში, ვაქცინების სიმცირის გამო, Covax-მა 2021 წლის მიწოდების პროგნოზი შეამცირა. ვაქცინების დეფიციტი წარმოების შეფერხებით, ექსპორტის აკრძალვითა და მდიდარი ქვეყნების მიერ საკუთარი ხალხის დაცვის მიზნით, ვაქცინების მომარაგებით აიხსნება.

27 სექტემბრის მონაცემებით, Covax-მა მხოლოდ 311 მილიონი დოზა მიაწოდა 140-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. 

პროგრამის პარტნიორებმა ასეთ ქვეყნებს დონაციისკენ, ხოლო ფარმაცევტულ კომპანიებს პრეპარატის განაწილების პროცესში მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდეს.  

ჯანდაცვის სპეციალისტები წუხან, რომ მსოფლიოში იმუნიზაციის ნელი ტემპი პანდემიას გაახანგრძლივებს და ახალი შტამების გავრცელების რისკს გაზრდის. 

გაეროს მონაცემებით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ადამიანების 4%-ზე ნაკლები, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 61%-ია.

შეერთებული შტატებში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56%, გაერთიანებული სამეფოში - 67%, ხოლო კანადაში -დაახლოებით 71%. კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი, 84% აქვს პორტუგალიას, რომელიც მილიონ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. 

საქართველოში 1 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 799 446 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 34.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 28.5%. ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო, ეჭვქვეშ დგას საქართველოს მთავრობის მიზანი, წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრასთან დაკავშირებით.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი