LIVE

ისრაელში "ბუსტერმა" ინფიცირების მაჩვენებელი შეამცირა - კვლევა

16 სექ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1170
ისრაელში "ბუსტერმა" ინფიცირების მაჩვენებელი შეამცირა - კვლევა
Bloomberg

Pfizer/BioNTech-ის Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 დოზას შეუძლია მკვეთრად შეამციროს ინფიცირებით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი 60+ უფროსი ასაკის ადამიანებში - ამ დასკვნამდე ისრაელში ჩატარებული მოკლევადიანი კვლევის ავტორები მივიდნენ.  

ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მე-3 დოზით აცრილებში, ვაქცინაციიდან 12 დღის შემდეგ, დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლები 11-ჯერ შემცირდა ორჯერ აცრილებთან შედარებით. 

"ბუსტერით" ვაქცინირებულებში მძიმე ავადმყოფობის მაჩვენებელი თითქმის 20-ჯერ დაბალი იყო. 

კვლევის მონაცემები, სავარაუდოდ, მოყვანილი იქნება აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) ხვალინდელ შეხვედრაზე, სადაც შეერთებულ შტატებში Pfizer-ის "ბუსტერის" გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს. 

გუშინ Pfizer-მა გაავრცელა პრეზენტაცია, სადაც ჩანს, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება და დაცვის მაღალი ხარისხის დასაბრუნებლად საჭიროა "გამაძლიერებელი დოზები". 

Pfizer-თან შედარებით, FDA–ის პოზიცია უფრო ზომიერია.  სააგენტო აღნიშნავს, რომ ორჯერადი ვაქცინაცია ეფექტურია მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების პრევენციისთვის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოს ისრაელის ახალი კვლევის მონაცემები ჯერ არ განუხილავს და ის  წარმოდგენილი იქნება პარასკევს პანელის შეხვედრაზე.

კვლევაში გაანალიზებულია 60 წლის და უფროსი ასაკის Pfizer-ის ვაქცინით სრულად აცრილი 1.1 მილიონზე მეტი ისრაელელის მონაცემები. ის ვაიზმანის მეცნიერების, ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტის, ჯანდაცვის სამინისტროს, თელ-ავივის უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სხვა მკვლევრების მონაწილეობით განხორციელდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი