LIVE

ჰააგაში კოსოვოს ომის დანაშაულებზე პირველი საქმის განხილვა იწყება

15 სექ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
ჰააგაში კოსოვოს ომის დანაშაულებზე პირველი საქმის განხილვა იწყება

ჰააგაში 15 სექტემბერს ალბანელი სეპარატისტების მიერ 1998-1999 წლების კოსოვოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების განხილვა იწყება. ეთნიკურ ალბანელ ამბოხებულებსა და სერბულ ძალებს შორის ომის დროს ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2015 წელს დაიწყო.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასამართლო მოქმედებს კოსოვოს კანონის შესაბამისად, მაგრამ დაფუძნებულია ნიდერლანდებში, რათა მოწმეები დაშინებისაგან დაიცვას.

კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეთაურს, სალიჰ მუსტაფას, ბრალად ედება მკვლელობა, წამება, არასათანადო მოპყრობა და დაკავება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია 1999 წლის აპრილში, პატიმრების წინააღმდეგ, სოფელ ზლაშში, დედაქალაქ პრიშტინას აღმოსავლეთით. 49 წლის მუსტაფა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის გასულ წელს დააკავეს, როდესაც კოსოვოს თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენიმე სხდომაა დაგეგმილი, რომლის დროსაც ბრალდების მხარე 16 მოწმის გამოძახებას აპირებს.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც NATO-ს 78-დღიანი კამპანიის შემდეგ ტერიტორიიდან სერბული ჯარები განიდევნა და ქვეყანაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალები შევიდნენ.

კონფლიქტის შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - უმეტესობა ეთნიკური ალბანელები კოსოვოდან. 1600-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კოსოვო, რომელიც ძირითადად ეთნიკური ალბანელებით არის დასახლებული, აღიარებულია მრავალი დასავლური სახელმწიფოს მიერ, მაგრამ არა სერბეთისა და მისი მოკავშირეების - რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან.