LIVE

ლაგარდი ვარაუდობს, რომ დასაქმებულები ოფისებში სრულად პანდემიის შემდეგაც არ დაბრუნდებიან

16 სექ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
ლაგარდი ვარაუდობს, რომ დასაქმებულები ოფისებში სრულად პანდემიის შემდეგაც არ დაბრუნდებიან
Bloomberg

ოფისის თანამშრომლები, სავარაუდოდ, ოფისებს სრული სამუშაო დროით არ დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანიებმა მოქნილი პირობებით ისწავლეს ფუნქციონირება.

"ჩვენ მივდივართ ჰიბრიდული მოძრაობისკენ, სადაც ადამიანები კვირის ნაწილს ოფისში გაატარებენ, რათა შეძლონ რეგულარული შეხვედრების გამართვა და პირისპირ კონტაქტი, მაგრამ კვირის დანარჩენ ნაწილს სავარაუდოდ, სახლიდან იმუშავებენ",- განაცხადა ლაგარდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი მოდელის ზუსტი აგებულება ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს, ლაგარდის თქმით, ადამიანებმა ისწავლეს პანდემიის დროს და ეს ცოდნა გამოყენებული უნდა იყოს სამომავლოდ მუშაობის კულტურისთვის.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის დელტა ვარიანტმა ინფექციების ზრდა გამოიწვია, ძირითადი კორპორაციები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ ოფისებში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება სამუშაო მაგიდასთან, ზოგიერთი ბანკი მოქნილ შეთანხმებებსაც სთავაზობს თანამშრომლებს, რადგან ისინი ბალანსს ეძებენ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.

ლაგარდმა აღიარა, რომ დასაქმებულების დიდ ნაწილს, მათ შორის საავადმყოფოს პერსონალს, სამშენებლო მუშაკებს და მაღაზიებში მომუშავე ადამიანებს, არ აქვთ არჩევანის ფუფუნება. რაც შეეხება ECB-ს, იანვრის ბოლომდე დისტანციური მუშაობა ძირითადად ვარიანტად რჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი