LIVE

თალიბანი გაეროსა და შეერთებული შტატებისგან სანქციების მოხსნას ითხოვს

09 სექ 202119:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
თალიბანი გაეროსა და შეერთებული შტატებისგან სანქციების მოხსნას ითხოვს

თალიბანმა შეერთებული შტატები დოჰაში გასულ წელს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გააუქმოს სანქციები თალიბანის ახალი სამთავრობო კაბინეტის წევრების წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრად დასახელებული სირაჯუდდინ ჰაკანი FBI-ის ყველაზე საშიშ ტერორისტთა ძებნილ სიაშია და მისი ოჯახი ისლამური ემირატის ნაწილია.

“დოჰას შეთანხმებაში ისლამური ემირატის ყველა ჩინოვნიკი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე იყო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნაწილი და უნდა ამოღებულიყო გაეროსა და აშშ-ის შავი სიებიდან. მოთხოვნა ჯერ კიდევ ძალაშია”,- განაცხადა თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰედმა.

სანქციები გაართულებს აშშ-ის ნებისმიერ ნაბიჯს თალიბანთან თანამშრომლობის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს ბოევიკებს, შეწყვიტონ ყოველგვარი კავშირი ტერორისტულ ჯგუფებთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს ახალ მთავრობას და “ნებისმიერი ლეგიტიმურობა და მხარდაჭერა” მოპოვებას საჭიროებს.

თალიბანის ახალ პრემიერ-მინისტრს, მულა მოჰამედ ჰასანს ასევე აქვს დაწესებული სანქცია გაეროს მიერ მის მოადგილეებთან, მულა აბდულ ღანი ბარადართან და მულა აბდულ სალამ ჰანაფთან ერთად.

ბარადარი დიდი ხანია თალიბანის საჯარო სახეა. მან ზედამხედველობა გაუწია და ხელი მოაწერა ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო ხელშეკრულებას დოჰაში გასული წლის თებერვალში, რამაც გზა გაუხსნა ავღანეთიდან ამერიკული და NATO-ს ჯარების გასვლას. გარიგების პირობების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააუქმოს თალიბანის წინააღმდეგ ნებისმიერი სანქცია 2020 წლის 27 აგვისტომდე.

ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ქვეყნის ყველა ბანკს სთხოვა, გაეყინა ყველა იმ ჩინოვნიკის ანგარიშები, რომლებიც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მთავრობაში მუშაობდნენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა