
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერის, იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთმა შესაძლოა ავღანეთის მთავარი აეროპორტის მენეჯმენტი საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა მოლაპარაკების პროცესი დასრულებული არ არის.
ანკარა ელოდება “პოზიტიურ” შედეგს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირების შენარჩუნებაში, თქვა კალინმა თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში.
“ეს იქნება აეროპორტის ექსპლუატაციის სრულად პროფესიონალური სერვისი”,- განაცხადა კალინმა.
Reuters-ის ინფორმაციით, თალიბანმა თურქეთს ტექნიკური დახმარება თავად სთხოვა. თურქეთი ავღანეთში NATO-ს მისიის მონაწილე იყო და დღემდე ჰყავს ასობით ჯარისკაცი ქაბულის აეროპორტში. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, რაც შეიძლება მალე დატოვონ ავღანეთი.
ერდოღანის მთავრობა თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ შეუძლია შეინარჩუნოს აეროპორტში წარმომადგენლობა, თუ ამას ავღანელები თავად მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც თალიბებმა დაიკავეს ქვეყანა, თურქეთმა შესთავაზა ტექნიკური დახმარება და აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია