LIVE

აშშ-მა Pfizer-ის ვაქცინას სრული ლიცენზია მიანიჭა

23 აგვ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1456
აშშ-მა Pfizer-ის ვაქცინას სრული ლიცენზია მიანიჭა
Business Formula

აშშ-ის მარეგულირებლებმა Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ლიცენზია მიანიჭეს. 

ვაქცინის სრული დამტკიცება აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას ნიშნავს.

"საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალ სტანდარტებს, რომელსაც FDA პროდუქტისგან მოითხოვს”,- აცხადებს FDA-ის კომისრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანეტ ვუდკოკი.

ამ დრომდე აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა, ისევე როგორც, კორონავირუსის სხვა ვაქცინები, საგანგებო ნებართვის საფუძველზე გამოიყენებოდა. მიმდინარე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ვაქცინით 200 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა, მსოფლიოში კი - ასობით მილიონი. 

FDA-ს განცხადებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ვაქცინას კვლავ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია აქვს. 

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, სრული დამტკიცების თხოვნით FDA-ს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა. მას სჯერა, რომ გადაწყვეტილება შეამსუბუქებს ეჭვებს ვაქცინის შესახებ და ასევე უფრო მტკიცე საფუძველს მისცემს კომპანიებსა და სკოლებს, მოითხოვონ ვაქცინაცია. 

FDA-ს განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ს სახელით გაიყიდება.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTec-ი კორონავირუსის ვაქცინის პირველი მწარმოებლები არიან, რომლებმაც ვაქცინის სრული ავტორიზაციის მისაღებად FDA-ს მაისის დასაწყისში მიმართეს

ვაქცინის სრული ლიცენზიის მისაღებად ამერიკულ მარეგულირებელს Moderna-მაც მიმართა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის  ავტორი: რაილი გრიფინი