
ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა და ელის, რომ წელს ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ს გადააჭარბებს. აქამდე სებ-ი საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას პროგნოზირებდა.
"განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება",- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან ასევე ივლისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ, 11.9%-იან წლიურ ინფლაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია.
"მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2 პროცენტი). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს",- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა.