2021 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდი ლარი შეადგინა და ამ მხრივ გეგმა თითქმის 100%-ითაა შესრულებული. მათ შორის, სრულად შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელი და ფაქტობრივმა შემოსავალმა 1 მილიარდ 556 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტმა 556 მლნ ლარი მიიღო, რაც ჩამოუვარდება საპროგნოზო მაჩვენებელს, რადგან მთავრობა მოგების გადასახადიდან 6 თვეში 53 მლნ ლარით მეტს ელოდა.
გადაჭარბებით შესრულდა დღგ-სგან მიღებული შემოსავალი, იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან 2 მილიარდ 175 მლნ ლარი შევიდა. აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 754 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობას (693 მლნ ლარი) 8.8%-ით აჭარბებს.
რაც შეეხება გადასახდელებს, 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 6 თვის გეგმაზე 3,1%-ით ნაკლებია.
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით იზრდება და 19.5 მილიარდი ლარი იქნება. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1.2 მილიარდი ლარით იზრდება.