LIVE

სამინისტროების დაფინანსება იზრდება - რა იცვლება 2021 წლის ბიუჯეტში

06 ივლ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 3652
სამინისტროების დაფინანსება იზრდება - რა იცვლება 2021 წლის ბიუჯეტში

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით იზრდება და 19.5 მილიარდი ლარი იქნება. 

რაც შეეხება ცვლილებებს სამინისტროების მიხედვით, პროექტის თანახმად:

  • ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 600 მლნ ლარით დაახლოებით, 6 მილიარდ ლარამდე იზრდება;
  • ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით გაიზრდება და 642.8 მლნ ლარი იქნება;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 177 მლნ ლარით იზრდება და 628.6 მლნ ლარი იქნება;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 90 მლნ ლარით და ჯამში სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2.4 მილიარდი ლარი იქნება;
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის მიხედვით, 30 მლნ ლარით 930 მლნ ლარამდე იზრდება;
  • იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 60 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 296.5 მლნ ლარი იქნება. 

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1.2 მილიარდი ლარით იზრდება. 

მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებას დადებითი ეკონომიკური ტენდენციებით ხსნის. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.7%-მდე იზრდება. 2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,4 მლრდ ლარისა.