ბოლო ერთ წელში 1 ლიტრი ზეთი საშუალოდ 4.43 ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 4.91 ლარით გაძვირდა.
ზეთის ფასის შესახებ ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულამ" "საქსტატიდან" გამოითხოვა. უწყების მონაცემებით, 2021 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთის საშუალო ფასი რეკორდულად მაღალია და 8.81 ლარს უტოლდება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთი 4.38 ლარი ღირდა, ხოლო 2019 წლის ივნისში 3.90 ლარი.
ამასთან, "საქსტატის" მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ $22.1 მილიონი გადაიხადა 14,9 ათასი ტონა ზეთის იმპორტში, მაშინ როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში ბევრად მეტი - 19,5 ათასი ტონა ზეთის იმპორტი ქვეყანას $16.8 მილიონი დაუჯდა.
$19.5 მილიონით მზესუმზირის ზეთის ყველაზე მსხვილი საიმპორტო პარტნიორი რუსეთია. $1.8 მილიონის ზეთი შეიძინა საქართველომ აზერბაიჯანში. უკრაინული ზეთის იმპორტში საქართველომ $553 ათასი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზესუმზირის ზეთის ფასი საქართველოში 96%-ით გაიზარდა.