LIVE

CDC: mRNA ვაქცინებით აცრილ მამაკაცებში მიოკარდიტის შემთხვევები მოსალოდნელზე ხშირია

14 ივნ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 899
CDC: mRNA ვაქცინებით აცრილ მამაკაცებში მიოკარდიტის შემთხვევები მოსალოდნელზე ხშირია
REUTERS

აშშ-ის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” (CDC) ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემების მონაცემებით, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს Covid-19-ის ვაქცინების მეორე დოზის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცებში გულის კუნთის ანთების შემთხვევები მოსალოდნელზე მეტია. მიუხედავად ამისა, CDC შემთხვევებს ჯერ კიდევ იკვლევს და ვაქცინას მიოკარდიტის ან პერიკარდიტის შემთხვევების გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს. 

CDC-ის განცხადებით, ზოგიერთ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა უმრავლესობა სიმპტომებისგან სრულად განკურნებულია. 

აშშ-ის ვაქცინების არასასურველი მოვლენების აღწერის სისტემის (VAERS) მიხედვით, შემთხვევების ნახევარზე მეტი 12-24 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინაციიდან ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა.

VAERS-ის მონაცემებით, მეორე დოზით აცრილ 16-24 წლის ახალგაზრდებში გულის კუნთის ანთების 283 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა ამ ასაკობრივ ჯგუფზე 10-102 შემთხვევა ივარაუდებოდა.

უსაფრთხოების მონიტორინგის კიდევ ერთი სისტემა - VSD - აჩვენებს, რომ პირველი დოზით ვაქცინირებულებთან შედარებით, შემთხვევები მომატებულია მეორე დოზით აცრილ 16-39 წლის ადამიანებში.

CDC-ის განცხადებას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევების შესწავლას მხარს უჭერს, თუმცა ამბობს, რომ ადმინისტრირებულ დოზებთან შედარებით, მათი რიცხვი მცირეა.

“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიმდინარეობს შემთხვევების ყურადღებით შესწავლა და არ არის დადასტურებული, რომ mRNA ვაქცინები იწვევს მიოკარდიტს ან პერიკარდიტს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა mRNA ვაქცინის კიდევ ერთმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Moderna-მ. 

შეერთებულ შტატებში mRNA ვაქცინის ორივე დოზა დაახლოებით 130 მილიონმა ადამიანმა მიიღო. 

CDC-ში ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა იგეგმება. აშშ-ის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა”  და ჯანმრთელობის სხვა მარეგულირებლებმა გულის კუნთის ანთების, იგივე მიოკარდიტის შემთხვევების შესწავლა მას შედეგ დაიწყეს, რაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინასა და შემთხვევებს შორის სავარაუდო კავშირზე განაცხადა.