ტექნოლოგიურ სფეროში, გენდერულ ჭრილში სახელფასო სხვაობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ შესამჩნევია.
2020 წელს, მამაკაც კანდიდატებს 59%-ით უფრო მაღალ ხელფასებს სთავაზობდნენ, ვიდრე მათ ქალ კოლეგებს იმავე კომპანიის იმავე პოზიციისთვის. საშუალოდ, მამაკაცების ხელფასები 3%-ით მეტი იყო, ვიდრე ქალების. თუმცა გარკვეულ ბაზრებზე სხვაობა კიდევ უფრო მეტია. ლონდონში მამაკაცებს 10%-ით მეტი ანაზღაურება აქვთ, სან-ფრანცისკოს არეალში - 5%, ხოლო ნიუ-იორკში - 7%.
გენდერულ ჭრილში სახელფასო სხვაობა ოდნავ შემცირდა 2019 წელთან შედარებით, როდესაც მამაკაც კანდიდატებს 65%-ით მეტს სთავაზობდნენ და ისინი 4%-ით მეტ საშუალო ანაზღაურებას იღებდნენ. ეს გაუმჯობესება შეეხო ფერადკანიან დასაქმებულებსაც. 2020 წელს შავკანიანმა კანდიდატებმა საბაზისო მაჩვენებელზე 4%-ით დაბალი ხელფასი მიიღეს, ხოლო 2019 წელს სხვაობა 5% იყო.
ტექნიკურ ინდუსტრიას ახასიათებს საკუთარი ორგანიზაციული კულტურა, რომელსაც გავლენიანი კომპანიები განსაზღვრავენ და ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლებით არიან დაკომპლექტებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო მეტი რაოდენობით შემოდიან ამ სფეროში და სულ უფრო მეტად იკავებენ მაღალ თანამდებობებს, პროგრესი ნელია და განსაკუთრებით ანაზღაურებაზე აისახება. ამ ტენდენციაზე დიდი გავლენა იქონია გასული წლის საპროტესტო მოძრაობამ Black Lives Matter, რომლის შედეგადაც კომპანიებმა რასობრივი უთანასწორობის შემცირებაზე მოახდინეს ფოკუსირება.
„ადამიანებს შეუძლიათ დროთა განმავლობაში უფრო დაბალი ანაზღაურების ციკლში ჩარჩნენ, რადგან მათ არ იციან რა არის საშუალო, ან სამართლიანი კომპენსაცია მათი როლისა და გამოცდილებისთვის”,- განაცხადა დასაქმების სფეროს ექსპერტმა, ჯოშ ბრენერმა.
იმისათვის, რომ დაინერგოს თანასწორი ანაზღაურების სისტემა, საჭიროა სახელფასო მონაცემების გამჭვირვალეობა. კომპანიები, როგორიცაა Starbucks-ი და McDonald’s-ი, სულ უფრო მეტ და დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებენ სამუშაო ძალის შესახებ.
მეტი ცვლილებაა მოსალოდნელი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის „ანაზღაურების სამართლიანობის შესახებ“ კანონის შედეგად, რომელიც დამსაქმებლებს აშშ-ის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობის კომისიისთვის დასაქმებულთა სქესის, რასისა და ეროვნული წარმოშობის შესახებ სახელფასო ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს, რათა ხელი შეუწყონ ფედერალური კანონების შესრულებას, რომლებიც კრძალავენ დისკრიმინაციულ ანაზღაურებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაროლინა გონზალესი