LIVE

თურქული კრიპტო ბირჟის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

23 აპრ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 933
თურქული კრიპტო ბირჟის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
uniquekhazana

თურქეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ერთ-ერთი მთავარი თურქული კრიპტო ბირჟის, Thodex-ის დამფუძნებელზე, მას შემდეგ, რაც მან კლიენტებისთვის გადახდა შეწყვიტა და ქვეყნიდან გაიქცა.

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ინტერპოლში ე.წ. წითელ ცირკულარი გააგზავნა, რათა დააპატიმრონ Thodex-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფარუქ ფატიჰ ოზერი და ალბანეთიდან თურქეთში დააბრუნონ.

თურქეთის პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა რვა ქალაქში, მათ შორის სტამბულში, სადაც Thodex-ს შტაბბინა ჰქონდა, ხოლო 16 ადამიანი ძებნაშია.

ანონიმური წყაროს ცნობით, ოზერი ინვესტორებს დაპირდა თანხების ანაზღაურებას და თურქეთში დაბრუნებას გეგმავს, სასამართლოს წინაშე წარსადგომად. თურქეთის მთავრობამ კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაადო და პოლიციამ მის სათავო ოფისზე რეიდი მოაწყო.

დანაკარგები შესაძლოა, 2 მილიარდ დოლარს შეადგენდეს, ხოლო დაზარალებულთა ადვოკატმა განაცხადა, რომ 390,000 აქტიური მომხმარებლის მიერ ჩადებული ფული, ვერ ანაზღაურდება.

ოზერი ეჭვქვეშ აყენებს ზემოხსენებულ ორივე მონაცემს. მისი თქმით, მხოლოდ 30,000 მომხმარებელია დაზარალებული.

Thodex-ი კრიპტოვალუტების ბუმის ნაწილი იყო და თურქეთის უამრავი მოქალაქის ინტერესს წარმოადგენდა, რომლებიც ცდილობდნენ დანაზოგები მზარდი ინფლაციისგან და არასტაბილური ვალუტისგან დაეცვათ. თურქეთში ინფლაციამ მარტში 16.2% შეადგინა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ცენტრალური ბანკის მიზნობრივი 5%-იანი მაჩვენებელი, ხოლო თურქული ლირა დოლართან მიმართებაში, მიმდინარე წელს, 10%-ით გაუფასურდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ონურ ანატი