LIVE

ევროპის სუპერ ლიგის გეგმები ჩაიშალა, ფანები იმარჯვებენ

21 აპრ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
ევროპის სუპერ ლიგის გეგმები ჩაიშალა, ფანები იმარჯვებენ

ევროპის მეამბოხე საფეხბურთო ლიგა დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც გუნდებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე სპორტის ავტორიტეტების, პოლიტიკოსების და ფანების აღშფოთების გამო.

"იუვენტუსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეა ანიელიმ, რომელიც ევროპის სუპერ ლიგის ერთ-ერთი არქიტექტორია, განაცხადა რომ პროექტი წინ ვეღარ მიიწევს.

თავდაპირველად, ახალ ლიგას, რომელსაც სტარტი აგვისტოში უნდა აეღო, მხარი ექვსმა ინგლისურმა, სამმა იტალიურმა და სამმა ესპანურმა კლუბმა დაუჭირეს. თითოეულ მათგანს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ჰყავთ, თუმცა ვალებიც არანაკლები აქვთ.

გარდა იმისა, რომ პროექტის ავტორებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრის "ჩემპიონთა ლიგის" შემოსავლის ნაწილის წაღება სურთ, ბრძოლა მიმდინარეობს იმაზეც, თუ ვინ გააკონტროლებს სპორტს, რომლის დაფინანსებას პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსხვილ კლუბებს კი მეტი ფული სჭირდებათ.

საგულისხმოა, რომ იმ კლუბების უმეტესობა, ვინც თავიდან შეუერთდა ევროპის სუპერ ლიგის იდეას, წაგებაზე მუშაობს:

კოლაფსი ცალსახად მოსალოდნელი გახდა მას შემდეგ, რაც ექვსმა ინგლისურმა კლუბმა უარი განაცხადა ახალ ლიგაში მონაწილეობაზე. "მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ფანების და დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციით. ანალოგიურად, "ჩელსიმ" ახალ ლიგაში მონაწილეობის მიღება "კლუბის საუკეთესო ინტერესების, ასევე ფანების მოსაზრების გათვალისწინებით" გადაიფიქრა. ამ განცხადებას წინ უძღოდა ფანების პროტესტი ლონდონის სტადიონზე. ინგლისური კლუბებიდან ლიგაში მონაწილეობაზე უარი პირველმა "მანჩესტერ სიტიმ" თქვა, მას მიჰყვნენ "არსენალი", "ტოტენჰემ ჰოტსპური" და "ლივერპული". 

კლუბების ნახევარზე მეტის გასვლის შემდეგ, სუპერ ლიგის იდეა ჩავარდნის პირასაა. აღმასრულებლებმა, რომლებიც ამ გეგმის უკან დგანან და რომლებსაც მხარს ამერიკული ბანკი JPMorgan Chase უმაგრებს 4 მილიარდი ევროს დაფინანსებით, მოლაპარაკებები გამართეს პროექტის გადასარჩენად, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

მათ მიერ დაგეგმილმა გამოყოფამ UEFA-სა და ფეხბურთის ეროვნულ ლიგებს შორის ომი იმდენად გაამწვავა, რომ პროცესში ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერის ჩარევაც კი განაპირობა. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის.

UEFA-მ ახალი ლიგის იდეა შეაფასა, როგორც "ცინიკური" და არ აპირებს უკან დაიხიოს საკუთარი გეგმიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატს გულისხმობს 2024/25 წლის სეზონიდან. ამ მიზნით, მიმდინარე კვირაში, ორგანიზაცია 6-მილიარდ ევროიან დაფინანსებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბრიტანულ აქტივების მენეჯმენტის ფირმასთან. ფორმატის ცვლილება UEFA-ს პასუხია მეამბოხე გუნდების ქმედებაზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ოთხშაბათს "იუვენტუსის" აქციებზე ფასი 12%-ით დაეცა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 6%-ით გაუფასურდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები:  დევიდ ჰელიერი და როდრიგო ორიჰუელა