საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წლიურად 348 ადამიანით (0.8%) მეტია.
გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი. საგულისხმოა, რომ დაავადებების ეს ორი ჯგუფი 40 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს.
შარშან გარდაცვლილთა შორის 6 877 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე იყო, მაშინ როცა 2024 წელს ამ მიზეზით 5 720 ადამიანი გარდაიცვალა. გამოდის, რომ შარშან სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები 20%-ით გაიზარდა.
ასევე, 51 პროცენტით არის გაზრდილი სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობების და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევის გამო გარდაცვალების შემთხვევები - ამ მიზეზით შარშან 505 ადამიანი გარდაიცვალა.
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების გამო გარდაცვლილთა ნაწილში კი 8%-იანი კლებაა. 2024 წელს ამ მიზეზით 18 159 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2025 წელს - 16 711. ასევე შემცირებულია ნერვული სისტემის ავადმყოფობების გამო გარდაცვლილთა რიცხვიც.