1-ლი ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდება. ახალი დადგენილებით იცვლება როგორც პროექტის თანადაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების იერარქია, ისე დაფინანსების წესი.
თანადაფინანსების მიღების მსურველმა ჯერ მთავრობას უნდა მიმართოს განაცხადით და წარადგინოს ბიზნესგეგმა, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობა შეაფასებს პროექტს და გადაწყვეტს მის დაფინანსებას, შემდეგ პოტენციური ბენეფიციარი უკვე ბანკთან ინაცვლებს კომუნიკაციაში.
შესაბამისად, გამოდის, რომ თუკი ადრე ბანკი იყო პირველი ვინც აფასებდა პროექტის მომგებიანობას, ახლა ჯერ სახელმწიფო წყვეტს ვინ და რატომ დააფინანსოს და შემდეგ აგზავნის ბანკთან თანადაფინანსებული კრედიტის მისაღებად. ამ მოდელში ბანკი კი აღარ აფასებს ბიზნესგეგმის რეალისტურობას და ბიზნესის მომგებიანობას, არამედ მთავრობა. შესაბამისად, ბანკს შესაფასებლად მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და საკრედიტო რისკი რჩება.
ბანკს აქვს უფლება უარი თქვას სახელმწიფოს მიერ თანადასაფინანსებლად მოწონებული პროექტის დაფინანსებაზე, თუმცა პოტენციურ ბენეფიციარსაც აქვს უფლება სხვა ბანკს მიმართოს, ან შეცვალოს პროექტი და მოარგოს ბანკის მოთხოვნებს.
როგორ დაფინანსდება პროექტები
ახალი დადგენილებით, პროექტის მოწონების და თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგაც კი, მეწარმე ჯერ თავად დებს ინვესტიციას და შემდეგ ამას აუდიტორულად ადასტურებს. მხოლოდ ამ ყველაფრის მონიტორინგის შედეგად იწყებს ჩარიცხვას სოფლის განვითარების სააგენტო.
რაც შეეხება თანხას, ფერმერს ერთ პროექტზე მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის მიღება შეუძლია სახელმწიფო თანადაფინანსების სახით, საინვესტიციო პროექტის მაქსიმალური ღირებულება კი 4 მილიონი ლარია. თანაგადახდის ნაწილში, მთავრობა 11%-ის ნაცვლად 8%-ს გადაიხდის და მცირდება ვადაც - 48-დან 36 თვემდე.
ახალი პროგრამა რომელიც აერთიანებს ადრე მოქმედ არაერთ სახელმწიფო პროგრამას, მათ შორის "დანერგე მომავალი", კოოპერატივები და ა.შ. არ გავრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც 1 ივლისამდე უკვე წარდგენილი და დადასტურებული იყო სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.