კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მისი ფუნქცია, აბჯრის მსგავსად, მხოლოდ ფიზიკური დაცვა არ არის — ცნობილი ფრაზა რომ გადავაკეთოთ, მაჩვენე შენი კანი და გეტყვი, როგორ ხარ შენ…
თუ კანის ისეთი მცირე პრობლემებიც კი გამოგიცდიათ, როგორიც სიმშრალე ან გაღიზიანებაა, ან თუ უბრალოდ წაქცეულხართ და გადაგიყვლეფიათ, წესით, კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ, რამდენად რთულია, როცა კანი გექავება, გტკივა ან გეწვის. რა თქმა უნდა, დისკომფორტი გაცილებით მტანჯველია, როცა საქმე უფრო რთულ მდგომარეობებთან: დერმატიტთან, ინფექციებთან ან სოკოსთან გაქვთ.
სამწუხაროდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც დერმატოლოგიური პრობლემების რაოდენობა მზარდია, ამიტომ საიმედო და მრავალმხრივ სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნაც პრობლემების პირდაპირპროპორციულად მატულობს. ტრიდერმი სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა.
ტრიდერმი — მრავალმხრივი მედიკამენტი
ხშირად ტრადიციული საშუალებები მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე, მის ერთ ასპექტზეა ფოკუსირებული — მაგალითად, ანთების შემცირებაზე, ან ინფექციასთან ბრძოლაზე, თუმცა კანის არაერთი დარღვევა ამ გამოწვევების კომბინაციას გვთავაზობს, რომელსაც უფრო სრულყოფილი მიდგომა სჭირდება.
ტრიდერმი ამ გამოწვევას იდეალურად პასუხობს — ტრიდერმს აქვს როგორც ბაქტერიების, ისე სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და კანის ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტის უმოკლეს დროში აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.
პრეპარატი აერთიანებს ბეტამეტაზონის დიპროპიონატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, გენტამიცინის ანტიბაქტერიულ მოქმედებასა და კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.
ტრიდერმი გამოიყენება დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენის საწინააღმდეგოდ, რომელიც გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას ექვემდებარება და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც, თავის მხრივ, პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითა და სოკოებითაა გამოწვეული.
სიფრთხილის ზომები ტრიდერმის გამოყენებისას
დიდი ალბათობით, სიფრთხილის ზომები და გვერდითი ეფექტები სამკურნალო მალამოზე საუბრისას ნაკლებად მოგვდის თავში. ეს მცდარი წარმოდგენაა — ტრიდერმი იმაზე ბევრად ძლიერმოქმედი საშუალებაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, შესაბამისად, მისი გამოყენებისას დიდი ყურადღება და სიფრთხილის ზომების გათვალისწინება გმართებთ.
როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის ქონის შემთხვევაში ტრიდერმის სახეზე დატანას უნდა მოერიდოთ. გარდა ამისა, მოერიდეთ ტრიდერმის წასმას (ნებისმიერი ფორმით), თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ. არ გამოიყენოთ მალამო ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. ნუ დაფარავთ მალამოს ან კრემს სახვევით, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. არ დაიტანოთ ის ღია ჭრილობაზე.
დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თვალებთან! ტრიდერმის თვალში მოხვედრამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს — თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდება, ამოიბანეთ თვალი დიდი რაოდენობის წყლით.
ნუ დაიტანთ ტრიდერმს სასქესო ორგანოზეც, ეს არ არის რეკომენდებული, თუ თქვენი მკურნალი ექიმი არ გირჩევთ. რა თქმა უნდა, ექიმის რჩევა მხოლოდ ამ კუთხით გამოყენებას არ ეხება — სჯობს, ტრიდერმით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალთან, რათა დარწმუნებული იყოთ მკურნალობის უსაფრთხოებასა და მიზანშეწონილობაში.
უფრთხილდით ზედოზირებას, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოფიზარულ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებით და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლენით, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას, კუნთების განლევას, ოსტეოპოროზს, ჰიპერგლიკემიას და ა.შ.
თუ ორსულად ხართ ან შვილს ძუძუთი კვებავთ, მოერიდეთ პრეპარატის გამოყენება, რადგან ამინოგლიკოზიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება ზიანი მოუტანოს ნაყოფს, თუ მათ ორსულები გამოიყენებენ. ლაქტაციის შემთხვევაში, ამ მხრივ ცოტა კვლევა არსებობს, თუმცა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდები რძეშიც აღწევს. ამიტომ ლაქტაციისას ტრიდერმის გამოყენება არ არის სასურველი.
რომ შევაჯამოთ, ტრიდერმი არ არის უბრალო მალამო, რომელსაც მცირე პრობლემების მოსაგვარებლად უნდა იყენებდეთ — ის ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელიც აუცილებლად ექიმის მითითებით უნდა გამოიყენოთ. თუ პროფესიონალი მას გამოგიწერთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მისი მრავალმხრივი და მძლავრი მოქმედება კანის დაავადებებს თქვენთან ახლოს არ გააჭაჭანებს!