LIVE

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი ტალღის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

29 იან 202410:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 227
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი ტალღის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც იორდანიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დრონების თავდასხმამ სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 0,57%-ით გაიზარდა და ბარელზე $84,03 შეადგინა, აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასმა (WTI) კი 0,6%-ით მოიმატა, $78,48-მდე.

თეთრი სახლის ცნობით, კვირას მომხდარი თავდასხმის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიის ფორპოსტში, სირიის საზღვართან ახლოს სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, არაერთი კი დაიჭრა.

„თავდასხმის შესახებ ფაქტებს ჯერ კიდევ ვაგროვებთ, თუმცა ვიცით, რომ ის განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც მოქმედებენ სირიასა და ერაყში. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

შაბათ-კვირის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერაყში არსებულმა ისლამურმა წინააღმდეგობამ აიღო, რომელიც ღაზაში მყოფ პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებს.

თავდასხმამ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. ის ემატება წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმებს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ შაბათს ადენის ყურეში მოხდა, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Marlin Luanda-ზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ოქტომბერში, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, გააძლიერეს. ამის გამო, ბევრმა კომპანიამ ამ მარშრუტის გამოყენებით გადაზიდვებზე უარი თქვა.