გასული კვირების განმავლობაში იემენში კომერციულ გემებზე ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმების გამო, ბევრი კომპანია წითელი ზღვით გადაზიდვებზე უარს ამბობს.
ეს მარშრუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო გზაა. შესაბამისად, გლობალური მიწოდების ჯაჭვები შესაძლოა, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
ჰუსტების დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ის ჰამასის მხარდამჭერია და მიზანში იღებს გემებს, რომლებიც ისრაელში მიემგზავრებიან, თუმცა უცნობია, ყველა ხომალდი, რომელიც ისინი თავს დაესხნენ, რეალურად მიემართებოდა თუ არა ისრაელისკენ.
რა ხდება?
ჰუსიტებმა გემებზე თავდასხმები ოქტომბერში, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, გააძლიერეს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი იყენებს დრონებსა და რაკეტებს უცხოური გემების წინააღმდეგ, რომლებსაც ტვირთი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით გადააქვთ. ეს დაახლოებით 30 კმ. სიგანის არხია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის მდებარეობს და ერთმანეთთან წითელსა და არაბეთის ზღვებს აერთებს. სამხრეთიდან მომავალი გემები ამ გზით ჩრდილოეთით გადაადგილდებიან და სუეცის არხს უკავშირდებიან.
ამ გზაზე მსოფლიო ვაჭრობის 10% მოდის. საფრთხის გამო, გემები იძულებულები არიან გადაადგილდნენ კეთილი იმედის კონცხის გავლით, აფრიკის კონტინენტის დასავლეთით, რაც მარშრუტს საშუალოდ 14-15 დღით აგრძელებს და კომპანიების ხარჯს მილიონობით ზრდის. გადამზიდებს შორის, რომლებიც მარშრუტს თავს არიდებენ, არიან Mediterranean Shipping Company და Maersk.
წითელ ზღვის გავლით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-მ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მარშრუტი და რას ნიშნავს შეფერხება მომხმარებლებისთვის?
ნებისმიერი გემი, რომელიც სუეცის არხით ინდოეთის ოკეანემდე ან ინდოეთის ოკეანიდან გადის, ბაბ-ელ-მანდების სრუტითა და წითელი ზღვის გავლით გადაადგილდება.
სუეცის არხი არის ყველაზე სწრაფი საზღვაო გზა აზიასა და ევროპას შორის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადასაზიდად. კომპანია Vortexa-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში სუეცის არხით დღეში დაახლოებით 9 მილიონი ბარელი ნავთობი იგზავნებოდა.
თუმცა საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება. საკონტეინერო გემებს ასევე გადააქვთ ყველა სახის სამომხმარებლო საქონელი, რომელიც მაღაზიებში ხვდება. მათ შორის ტელევიზორები, ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა თუ სხვა ნივთები. ანალიტიკოსების ვარაუდით, შეფერხება ყველაზე მეტად სწორედ სამომხმარებლო საქონელს შეეხება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ გზის დაგრძელების გამო, ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები როგორც საქონლის, ასევე, ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.
სუეცის არხით ყოველწლიურად 17 000 გემი გადაადგილდება, რაც ნიშნავს, რომ წლიური გლობალური ვაჭრობის 12% გადის წითელ ზღვაზე. ეს კი $1 ტრილიონის ღირებულების საქონელია.
საზღვაო გზით გადაზიდვებს აქვს თუ არა ალტერნატივა?
ანალიტიკოსების შეფასებით, საქონლის რკინიგზით ტრანსპორტირება მოითხოვს რუსეთის გადაკვეთას, რაც ეკონომიკური სანქციების გამო, შეუძლებელია, ხოლო სპარსეთის ყურიდან ისრაელში სატვირთო გადაზიდვებით ტვირთის მხოლოდ მცირე ნაწილის გადატანა არის შესაძლებელი.
როგორია პასუხი თავდასხმაზე?
გემებზე თავდასხმების გამო, აშშ-მა წითელ ზღვაში მრავალეროვნული ოპერაცია წამოიწყო. ოპერაციას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბაჰრეინი, ნორვეგია და ესპანეთი შეუერთდნენ.
გადამზიდი კომპანიები Maersk და Hapag-Lloyd, რომელთა ხომალდებიც თავდასხმის ობიექტები გახდნენ, მიესალმნენ დამატებით ზომებს, მაგრამ განაცხადეს, რომ ძნელია იმის დადგენა, როდის განაგრძობენ წითელი ზღვის გამოყენებას, რაც ნიშნავს, რომ შეფერხება გარკვეული დროით კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.