LIVE

თარგმნა ლაივ რეჟიმში - რა სიახლეებია Samsung-ის ახალ სმარტფონებში?

18 იან 202416:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 264
თარგმნა ლაივ რეჟიმში - რა სიახლეებია Samsung-ის ახალ სმარტფონებში?

Samsung-მა ახალი სმარტფონები, Galaxy S24, Galaxy S24+ და Galaxy S24 Ultra წარადგინა. ახალი თაობის ტელეფონებს მნიშვნელოვანი განახლებები ხელოვნური ინტელექტის (AI) ნაწილში აქვთ.

Galaxy S24 Ultra, რომელიც ყველაზე ძვირიანი მოდელია და $1 299 ღირს, ტიტანისგან დამზადებული Samsung-ის პირველი სმარტფონია. მოდელი წარმოდგენილია ნაცრისფერ, შავ, იისფერ და ყვითელ ფერებში. ტიტანის მოდელს დამატებით ნარინჯისფერი, მწვანე და ლურჯი ვარიანტები აქვს. დარჩენილი ორი მოდელიდან, Galaxy S24-ის ფასი $799-ია, GalaxyS24+ კი $999 ღირს.

სმარტფონების წინასწარი გაყიდვა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაიწყო, ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში ხელმისაწვდომი კი 31 იანვრიდან იქნება.

რაც შეეხება სისტემურ განახლებებს, სმარტფონებს ლაივ რეჟიმში საუბრის თარგმნის ახალი ფუნქცია აქვთ. ტელეფონი საუბრის ტრანსკრიპტს ქმნის, რომელსაც პარალელურ რეჟიმში სასურველ ენაზე თარგმნის. რეალურ დროში შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია განახლებულ კლავიატურასაც დაემატა, რომელიც 13 ენაზეა ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი საინტერესო პროგრამული სიახლე ძიების ახალი ფუნქცია - Google-ის Circle to Search-ია. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შესაძლებელია ეკრანზე გამოსახული ობიექტის ან ნივთის მონიშვნა და Google-ის სისტემაში პირდაპირი ძიება. ამისთვის კი მომხმარებელს მხოლოდ Home Button-ზე ხანგრძლივი ხელის დაჭერა და სასურველი გამოსახულების ეკრანზე მონიშვნა დასჭირდება.

სხვა ცვლილებები კამერასა და ფოტოების დამუშავების AI ხელსაწყოებს უკავშირდება. Ultra მოდელის კამერების სისტემაში გამორჩეული სიახლე 50 მეგაპიქსელის 10X ოპტიკური ზუმია. მთავარი კამერის მეგაპიქსელები კი 200-ს აღწევს.

რაც შეეხება ფოტოების AI-ს ხელსაწყოს, მომხმარებელს სასურველ ცვლილებებს თავად სთავაზობს. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია მრუდე კადრების გასასწორებლად, ფონზე ადამიანებისა და საგნების გადაადგილებისთვის და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ AI ხელსაწყოთი რედაქტირებულ ფოტოებს სპეციალური ნიშანი ექნებათ, რაც ინფორმაციის ერთგვარ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.