მსოფლიოში ყველა ძლიერი პასპორტი, Henley Passport Index-ის რეიტინგით, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, სინგაპურსა და ესპანეთს აქვთ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით 194 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
ლონდონში დაფუძნებული გლობალური საკონსულტაციო კომპანიის, Henley & Partners-ის რეიტინგში, საქართველო 50-ე ადგილს იკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უვიზო ან გამარტივებული მიმოსვლა 121 ქვეყანაშია შესაძლებელი. სიაში ამავე პოზიციას ბოსნია და ჰერცეგოვინა იკავებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში 47-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა უვიზო მიმოსვლა 119 ქვეყანასთან ჰქონდა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, 51-ე ადგილზეა რუსეთი, 52-ზე თურქეთი, 70-ე ადგილს აზერბაიჯანი, 74-ს კი სომხეთი იკავებს.
გლობალურ რეიტინგში აზიის ქვეყნებთან ერთად, წელს მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ ევროპული ქვეყნებიც. რეიტინგში მეორე პოზიციას ფინეთი, შვედეთი და სამხრეთ კორეა ინაწილებენ. მათ მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 193 ქვეყანაში შეუძლიათ. მესამე პოზიციას კი ავსტრია, დანია, ირლანდია და ნიდერლანდები იკავებენ, რომელთა მოქალაქეებსაც 192 მიმართულებით შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.
აღსანიშნავია, რომ Henley Passport Index-ის 19-წლიან ისტორიაში საუკეთესო პასპორტის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს რეკორდული რაოდენობის, 194 მიმართულებით შეუძლიათ მოგზაურობა. Henley & Partners-ი რეიტინგის შესადგენად საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებს იყენებს.
რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:
- საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური, ესპანეთი (194 მიმართულება);
- ფინეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი (193 მიმართულება);
- ავსტრია, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები (192 მიმართულება);
- ბელგია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (191 მიმართულება);
- საბერძნეთი, მალტა, შვეიცარია (190 მიმართულება);
- ჩეხეთი, ახალი ზელანდია, პოლონეთი (189 მიმართულება);
- კანადა, უნგრეთი, აშშ (188 მიმართულება);
- ესტონეთი, ლიტვა (187 მიმართულება);
- ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია (186 მიმართულება);
- ისლანდია (185 მიმართულება).