Apple-მა ორშაბათს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, Worldwide Developers Conference-ზე დიდი ხნის წინ დაანონსებული ვირტუალური რეალობის ჰედსეტი, Vision Pro წარადგინა. მოწყობილობა, რომელიც კომპანიის წარმომადგენლების თქმით რევოლუციურია, გაყიდვაში შემდეგი წლის დასაწყისიდან ჩაეშვება აშშ-ში და $3 499 ეღირება.
Apple „შერეული რეალობის“ მოწყობილობაზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახალ ტექნოლოგიურ მიმართულებაში Vision Pro Apple-ის პირველი პროდუქტია და მას უკვე მიიჩნევენ კომპანიის ისტორიაში ყველაზე რისკიან სიახლედ.
ამ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ ინვესტორებიც. Apple-ის აქციები რეკორდულად გაიზარდა ორშაბათს, თუმცა Vision Pro-ს წარდგენის შემდეგ უკან დაიხია და საბოლოო ჯამში 0.8%-ით, $179.58-მდე შემცირდა.
საკმაოდ ვრცელ პრეზენტაციაზე მოწყობილობის როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური მხარეები წარადგინეს. Vision Pro-ს სხვა ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისგან განსხვავებით, უფრო დახვეწილი ვიზუალი აქვს, რომელსაც სათხილამურო სათვალეს ადარებენ. მას Apple-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებული ოპერატიული სისტემა, სახელად visionOS და შესაბამისი App Store აქვს. იდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი EyeSight ფუნქციაა, რაც გამჭოლი სათვალის ეფექტს ქმნის. ამის დახმარებით მომხმარებელი ინარჩუნებს რეალურ სივრცესთან კავშირს, ისევე როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები ხედავენ მათ.
Vision Pro-ს ორი ძირითადი ჩიპი აქვს. M2 პროცესორი, რომელიც Mac-დანაა ინტეგრირებული, ძირითადი ოპერატიული ჩიპია, მეორე - R1 მუშაობს სპეციალურ სენსორებთან და „შერეული რეალობის შესაძლებლობებს“ იძლევა. დამატებით, მოწყობილობას ათეული კამერა, ორმაგი 4K microLED გამოსახულება და 3D განზომილების ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების შესაძლებლობა აქვს. გაჯეტი ფუნქციონირებისთვის იყენებს ბატარეას, რომელიც 2 საათს ძლებს და იმუხტება მაგნიტური USB დამტენით.
Apple-ში იმედოვნებენ, რომ ახალი პროდუქტი კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდის. მათი ხედვით, ახალი პროდუქტი ჯერ კიდევ „ახალშობილ“ VR ინდუსტრიაში ისეთივე ეფექტს მოახდენს, როგორც თავის დროზე Apple-ის სხვა პროდუქტებმა შეძლებს. თუმცა ამჯერად განსხვავება ისაა, რომ Apple ჯერ კიდევ მომხმარებლის მიერ არარეზონანსულ ბაზარზე შესვლას საკმაოდ მაღალი ფასით იწყებს.
Vision Pro პირდაპირი კონკურენტია კომპანია Meta Platforms, რომელიც ამჟამად VR მოწყობილობების ბაზრის 81%-ს იკავებს. Apple პირველ წელს 900 000 ერთეულის გაყიდვას ელოდება და თუ მის ფასს გავითვალისწინებთ, ამ შედეგით კომპანია ბაზრის მნიშვნელოვან წილს მოიპოვებს.
Apple უკვე მუშაობს ჰედსეტის იაფ ვერსიასა და კიდევ უფრო მაღალი დონის მოდელზე.