LIVE

სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო

14 დეკ 202316:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო

"სილქნეტმა" თბილისის ცენტრალურ უბნებში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო. შესაბამისი განცხადება კომპანიამ თავად გაავრცელა. 

„სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს, არის მომავლის ტექნოლოგია და დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ, ვინც ვთავაზობთ 5G სერვისს“,- განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო ლიცენზიას საქართველოში მხოლოდ „სელფი მობაილი" ფლობს, რომელსაც ტექნოლოგიის დედაქალაქში დანერგვა ჯერ არ დაუწყია და როგორც დააანონსა, დეკემბერში, 5G-ს გამოყენებას მომხმარებლები ბაკურიანსა და გუდაურში შეძლებენ. კომუნიკაციების კომისიამ 28 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 5G-ს მხოლოდ „სელფი“ დანერგავდა, რადგან „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს.

"სილქნეტში" განმარტავენ, რომ კომპანიამ 5G მის სარგებლობაში არსებული სიხშირული რესურსის გამოყენებით დანერგა.

"კომპანია ფლობს ტექნოლოგიურად ნეიტრალურ მობილურ ლიცენზიებს, რაც საშუალებას აძლევს არსებული სიხშირეების გამოყენებით დანერგოს ახალი, მეხუთე თაობის ტექნოლოგია. სილქნეტის მიერ დანერგილი მეხუთე თაობის ქსელი შესაბამისობაშია საერთაშორისო კონსორციუმის 3GPP-სა და ETSI-ის (ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის) მიერ დადგენილ 5G ტექნიკურ სტანდარტებთან",- ასე პასუხობენ "სილქნეტში" ლიცენზიასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

"სილქნეტის" მიერ 5G-ს გაშვებაზე კომუნიკაციების კომისიას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.