LIVE

კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ვენეციის დიდი არხი მწვანედ შეღებეს

10 დეკ 202317:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ვენეციის დიდი არხი მწვანედ შეღებეს

იტალიელმა გარემოსდამცველებმა ვენეციის დიდი არხი, პროტესტის ნიშნად, უსაფრთხო ფლუორესცენციური საღებავით, მწვანედ შეღებეს. აქტივისტები დუბაიში მიმდინარე კლიმატის სამიტის, COP28-ის პროგრესის ნაკლებობას აპროტესტებენ

გლობალური გარემოსდაცვითი ჯგუფის, Extinction Rebellion-ის წევრები თოკებით დაეშვნენ რიალტოს ხიდიდან, სადაც ასევე გადმოკიდეს ბანერი წარწერით - „COP28: სანამ ხელისუფლება საუბრობს, ჩვენ ძაფზე ვართ ჩამოკიდებული“.

„რამდენიმე საათში წყალი ჩვეულებრივ ფერს დაიბრუნებს. ამასობაში, სახელმწიფოების შეხვედრების პარალელურად, ჩვენ წყალდიდობებისა და ხანძრების შედეგად გამოწვეულ ზარალსა და მსხვერპლთა რაოდენობას ვითვლით“, - განაცხადეს Extinction Rebellion-ში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული საღებავი სრულად უსაფრთხოა გარემოსთვის, ვენეციის მერმა ლუიკი ბრუნარომ ეს აქტი „ეკო ვანდალიზმად“ მონათლა. მან იტალიის ხელისუფლებას აქტივისტების დასჯისკენ მოუწოდა.

პროტესტის პარალელურად, დიდ არხზე გემების მოძრაობა შეჩერდა. მერის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, არხის წყალი და რიალტოს ხიდის ახლად განახლებული სვეტები უნდა შემოწმდეს.

გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე იმართება. სამიტზე მხარეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.