LIVE

COP28: რას განიხილავენ მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებების ყოველწლიურ სამიტზე?

29 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
COP28: რას განიხილავენ მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებების ყოველწლიურ სამიტზე?

გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში გაიმართება და 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გასტანს.

COP28-ზე ისეთი თემების განხილვა იგეგმება, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.

კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური შეხვედრა წელს, 200-მდე ქვეყნიდან, რეკორდული რაოდენობის, 70 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

მსოფლიო ლიდერებს შორის სამიტს დაესწრება ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთიდან კი დუბაის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან ერთად, მეფე ჩარლზ მესამეც ეწვევა. როგორც ცნობილია, სამიტში მონაწილეობას არ მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თუმცა აშშ-დან სამიტზე, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და სხვა მაღალჩინოსნებს ელიან. 

გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა შეხვედრა პირველად 28 წლის წინ გაიმართა. სამიტი ადამიანის ჩარევით კლიმატის დაჩქარებული ცვლილებების შეჩერებასა და დათბობასთან ადაპტაციის გზების ძიებას ემსახურება.

COP-ის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2015 წელს პარიზში მიიღეს, როდესაც სახელმწიფოები პირველად შეთანხმდნენ, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდას, ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, 2 გრადუს ცელსიუსზე დაბლა შეინარჩუნებდნენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი COP-ზე, 2015 წლის შეთანხმების შემდეგ პირველად, სახელმწიფოები მიღწეულ პროგრესს ოფიციალურად წარადგენენ.