LIVE

UNGCNG-ის წარმომადგენლები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობენ

04 დეკ 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 351
UNGCNG-ის წარმომადგენლები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობენ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნინო კვანტრიშვილი, 2-8 დეკემბერს, დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენციაში (COP28) იღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, 70 000-ზე მეტი დელეგატი კლიმატის ცვლილებებიდან მომდინარე საფრთხეების გადაჭრის გზებზე მსჯელობს, მათ შორის გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 1.5 ცელსიუსამდე შეზღუდვასა და 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევაზე.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პარალელურად დაგეგმილ არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის გაეროს გლობალური შეთანხმებისა და სხვა ადგილობრივი ქსელების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში: მაღალი დონის შეხვედრაში Caring for Climate, მდგრადი განვითარების მიზნების ინვესტიციების ფორუმში, დისკუსიაში - „ქალთა ჩართულობა კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებაში“ და მსოფლიო კლიმატის სამიტში. სხვადასხვა შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილული იქნება მომდევნო წლებში კონფერენციაში საქართველოდან კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობები. 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, მოდერატორის რანგში, წარუძღვება უკრაინის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - Building Business Resilience through ESG Strategies.

COP28-ში მონაწილეობას იღებენ ქვეყნების ლიდერები და ეროვნული დელეგაციები, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.